საზოგადოება

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მერიამ გამთენიისას მშენებარე სახლები დაანგრია

13 ივლისი, 2022 • 3797
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მერიამ გამთენიისას მშენებარე სახლები დაანგრია

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გამთენიისას მივიდნენ და სახლების დემონტაჟი დაიწყეს. ადგილობრივების ცნობით, დანგრეულია 5 სახლი, მათ შორის, როგორც მშენებარე, ასევე გადახურული.

საუბარია დასახლებაზე, სადაც მერიის განცხადებით, მოქალაქეების ნაწილი სახლებს უკანონოდ აშენებს.

„გუშინ, ღამის პირველ საათამდე ვიყავი აქ, ვშრომობდი. დილის 5 საათზე მოვიდნენ. მე ადგილზე არ ვიყავი, დამირეკეს და რომ მოვედი, უკვე დანგრეული დამხვდა. აქ იყო მერია და პოლიცია.

დაახლოებით სამი თვეა ვაშენებთ. გადახურვაღა მრჩებოდა, მეტი არაფერი. ვერ მოვასწარი. სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ხან სად ვცხვოვრობთ ქირით, ხან — სად, ნათესავებთან. ამას ვაშენებდი, რომ მეცხოვრა“, — უთხრა ედუარდ ოვსეპიანმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გაფრთხილება ორი დღის წინ მისცეს და შესაბამისი დოკუმენტი დაუტოვეს შენობაზე.

დღეს სახლი არ დაუნგრიეს, თუმცა გაფრთხილება მისცეს ქეთევან ბოჭორიშვილსაც.

სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ქეთევან ბოჭორიშვილი ნეტგაზეთს უყვება, რომ სახლი რამდენიმე დღის წინ გადახურა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა.

მისი თქმით, სახლის ასაშენებლად ბანკიდან სესხი გამოიტანა, სხვა წასასვლელი კი არ აქვს:

„არც მე მინდოდა უკანონოდ რამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სესხი გამოვიტანე ბანკიდან იმის გამო, რომ მე თვითონ გამეკეთებინა რაღაც. ამის აშენებაშიც ჩემი ნათესავები მომეხმარნენ.

პირობები მართლა არ მაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ვცდილობ მოვეკიდო და რაღაც გავაკეთო. სიტყვიერად შემპირდნენ, მოგვიანებით მოვლენ და შევთანხმდებით, რა უნდა ვქნათ. მითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსს მომანიჭებენ და ქირით გამიყვანენ, ამ სახლის დემონტაჟი კი თავად მოვახდინო. არ ვიცი, რა იქნება. პირობა მომცეს, რომ ერთი თვე ქირას გადამიხდიან და მერე ისევ ქუჩაში დავრჩე, ეს არ მინდა“, — ამბობს ქეთევანი.

თბილისის მერიამ სახლების დანგრევის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი“.

მერიის ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მათ სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მერიამ სახლების დემონტაჟის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

ამავე თემაზე გირჩევთ

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი