ახალი ამბები

10000-ლარიანი გირაო შეუფარდეს აფრიკაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს

17 დეკემბერი, 2020 • 2919
10000-ლარიანი გირაო შეუფარდეს აფრიკაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას სასამართლოში ადასტურებენ.

ფოცხვერაშვილი 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მაშინ დააკავეს, როდესაც მოსახლეობამ შენობების ნგრევისას პოლიციასა და ზედამხედველობის სამსახურს წინააღმდეგობა გაუწია. ფოცხვერაშვილს პოლიციის მიმართ ძალადობას ედავებიან.

ფოცხვერაშვილის ადვოკატი, რეზო აჭარაძე სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ამ მუხლით მის დაკავებას საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს არ გამოეყენებინა.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი