ახალი ამბებისაზოგადოება

აფრიკა: რატომ ჩნდება ასეთი დასახლებები და როგორია სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2020 • 4326
აფრიკა: რატომ ჩნდება ასეთი დასახლებები და როგორია სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკა

15 დეკემბერს თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა სამგორის რაიონში, აფრიკის უბანში 12 უკანონოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის შესახებ განაცხადა.

შენობების დანგრევას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მათ დაანგრიეს მხოლოდ ის მშენებარე ნაგებობები, რომლებშიც არავინ ცხოვრობდა. კალაძემ ორი გზა დაასახელა მათთვის, ვინც უსახლკაროდაა დარჩენილი: მუნიციპალური თავშესაფარი, ან თბილისის მერია ბინებს უქირავებს.

აქტივისტებისა და მკვლევრების შეფასებით, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პოლიტიკა უსახლკაროთა დახმარებისთვის არაეფექტურია.

სად მდებარეობს დასახლება 

დასახლება, სადაც თბილისის მერიამ 12 შენობა დაანგრია, სამგორის რაიონში, აფრიკის უბანში მდებარეობს. ქაოტურად განაშენიანებული უბანი მოიცავს კორნელი სანაძის, ანდრეა გუგუშვილის, აკაკი ფაღავასა და სამხედრო დასახლება II-ის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოქალაქეებმა სახლები ააშენეს, სახელმწიფოს ან თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სადაც საკუთრების უფლების არქონის გამო, კერძო პირთა მიერ მშენებლობა აკრძალულია. ინდივიდუალური სახლების მშენებლობას დასახლების ტერიტორიაზე კრძალავს თბილისის მოქმედი ფუნქციური ზონებიც.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე მოქმედებს ორი სხვადასხვა ფუნქციური ზონა, მათ შორის:

  • სპეციალური ზონა – 1, სადაც დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსების, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებების, აგრეთვე, საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთავსება, რომელიც აერთიანებს ძველი ქარხნებისა და საწყობების ტერიტორიებს;
  • სარეკრეაციო ზონა – 2, რომელიც მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

 

აფრიკის უბანში არსებული უნებართვო დასახლების მდებარეობა Google Map-ის რუკაზე

რა იყო წარსულში 

წარსულში აღნიშნული ტერიტორიები სამრეწველო უბანს წარმოადგენდა, სადაც საბჭოთა პერიოდში ქარხნები და ინდუსტრიული საწყობები მდებარეობდა. დღესდღეობით ქარხნების შენობათა უმეტესი ნაწილი დანგრეულია, ხოლო გადარჩენილ ნაგებობებში მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლების ტერიტორიაზე გადის რკინიგზაც, რომელიც წარსულში არსებულ ქარხნებს მთავარ სარკინიგზო ხაზთან  აკავშირებდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წლების განმავლობაში არსებობდა სამშენებლო მასალების ნაგავსაყრელი, რაც დასტურდება 2020 წლის თბილისის სატესტო ორთოფოტოს მიხედვითაც.

თბილისის სატესტო ორთოფოტო -2020, სადაც მოჩანს სამშენებლო ნარჩენებისა და მიწის გორები.

ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ დასახლების ტერიტორიის ნაწილი, სადაც ინსპექტირების სამსახურმა უნებართვოდ აშენებული ნაგებობები დაანგრია, დიდი ხანია სადავოა სხვა კერძო პირსა და სახელმწიფოს შორისაც. თორნიკე ბიძინაშვილის თქმით, დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

“კოოპერატივ “მემონტაჟეს” დაახლოებით 8 ჰა მიწა გადმოგვეცა 1990-იან წლებში. ჩვენ გავიყვანეთ გზა, წყალი და კანალიზაციაც. მოგვიანებით კოოპერატივი გარდაიქმნა შპს-ად, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ საქმიანობის შეწყვეტა მოგვიწია. პრობლემები შეექმნა ჩემს ოჯახსაც. 2007 წლამდე დავიწყეთ საბუთების შეგროვება, რომ ტერიტორია და მასზე მდებარე შენობა დაგვებრუნებინა, მაგრამ მერიამ ჩვენ მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია გააქრო. 2015 წელს ისევ დავიწყეთ საბუთების მოძიება, მაგრამ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ მიითვისა მიწა. 2018 წელს შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი და ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა”, – აცხადებს თორნიკე ბიძინაშვილი, რომლის განცხადებითაც, წარსულში მის ოჯახს ეკუთნოდა დასახლების მიწის ნაწილი.

ვინ ცხოვრობს ამ სახლებში

დასახლების ტერიტორიაზე აშენებულია ძირითადად ერთსართულიანი ბლოკით ნაგები სახლები. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად აქ 300-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. დასახლებაში შეხვდებით ახლად მონიშნულ ნაკვეთებს და მშენებარე ნაგებობებს. მცხოვრებლების თქმით, ისინი სოციალურად დაუცველები, იპოთეკით დაზარალებულები, დევნილები, მარტოხელა დედები, ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები არიან, რომელთაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

ნეტგაზეთი ესაუბრა მათაც, ვისი მშენებარე საცხოვრისიც მერიამ ახლა დაანგრია და ვისაც დემონტაჟის პროცესი არ შეხებია,  მათაც აქვთ შიში, რომ ადრე თუ გვიან სპეცტექნიკა მათ სახლებსაც მიაკითხავს. საპროტესტო აქციაში, როდესაც მოქალაქეები მერიას და პოლიციას ეწინააღმდეგებოდნენ, ისინიც მონაწილეობდნენ, ვისი მშენაბარე შენობებიც მოგვიანებით დაანგრიეს და მათი მეზობლებიც, ვინც უკვე მეტ-ნაკლებად დასრულებულ კუსტარულ საცხოვრისში ცხოვრობს და ჯერჯერობით მის საკუთრებას არ შეხებიან.

“ჩვენ გახლავართ იპოთეკით დაზარალებული ოჯახი. ეს სახლი მეზობლებმა ამიშენეს. ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომის ვეტერანია, აქვს მესამე ხარისხის ასთმაც. ამ სახლში ხუთი ადამიანი ვცხოვრობთ. ვართ სოციალურად დაუცველები და არ გვაქვს სტაბილური სამსახური”, – აცხადებს დასახლების ერთ-ერთი მკვიდრი მედიკო გვიჩიანი.

მედიკო გვიჩიანის სახლი და ბავშვები აფრიკის დასახლებაში. ფოტო: ზურაბ მენაღარიშვილი/ნეტგაზეთი

“ჩვენ ამის მეტი საცხოვრებელი არ გვაქვს, ესეც, კი ხედავთ, რა მდგომარეობაა. ფანერის კარი გვაქვს, რომელიც სითბოს ვერ იკავებს. ბავშვები მუდმივად ავად ხდებიან. ასევე, სახლში თაგვებს ვინღა დარდობს, ვირთხებიც დადიან. ძალიან შეშინებული ვართ, ამიტომ კატაც მოვიყვანეთ”, – ამბობს მედიკო გვიჩიანი. მღრღნელები სახლებში მოსახლეობასთან სტუმრობისას ნეტგაზეთმაც შეამჩნია.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი არ დაუნგრევიათ, ძალიან ეშინია, რომ ამ საცხოვრებელსაც დაკარგავს.

“ძალიან გვეშინია მას შემდეგ, რაც მოვიდნენ და ტრაქტორებით სახლები დაანგრიეს, ჩვენ დახმარება გვჭირდება, იქნებ ვინმეს მიაწვდინოთ ხმა”, – აცხადებს მედიკო გვიჩიანი.

მერიამ დაანგრია ვალერი სოლომნიშვილის მშენებარე სახლი. ამჟამად იგი ქარხნის შენობის ძველ დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს, რომლის მხოლოდ მისაღებია მიწის ზემოთ, დანარჩენი კი ნახევრად სარდაფია და მასიური მონოლითური სამშენებლო ფილებითაა აგებული, რაც მაცხოვრებლების თქმით, “სითბოს ვერ იჭერს”.

“მე ვარ შშმ პირი და მუდმივად ქირით ვცხოვრობდი. რომ ვეღარ შევძელი გადახდა, გადმოვედი ამ შენობაში, რომელიც არის ქარხნის ძველი შენობა. რომ გადმოვედით, ცელოფნები გვეფარა სახურავის მაგივრად. ახლა კიდევ მოვაგვარეთ, თავიდან ძალიან გაუსაძლისი იყო. შემდეგ, ჯართის შეგროვების გამო 2015 წელს დამაკავეს. 6 წელი მომისაჯეს, მაგრამ დროზე ადრე გამოვედი.

ვალერი სოლომნიშვილის საცხოვრებელი სახლი აფრიკის დასახლებაში. ფოტო: ზურაბ მენაღარიშვილი/ნეტგაზეთი

“დაგვპირდნენ, რომ სახლებს დაგვირეგისტრირებდნენ. ჩვენ ადრეც გვქონდა აზომილი ეს სახლი, მაგრამ გვითხრეს, რომ ნახაზები მერიიდან დაიკარგა. არჩევნების წინ კიდევ მოვიდნენ, მოჩვენებითად აიღეს ნახაზები, მაგრამ არაფერი. სუბარი დადიოდა უბნებში და ეუბნებოდა ხალხს, რომ ოღონდ ხმა მომეცით და ყველას გაგაფორმებინებთ თქვენს ნაკვეთებსო. ამიტომ გადავწყიტეთ, რომ ახალი სახლი აგვეშენებინა, რადგან ამაში ცხოვრება სახიფათოა. ამის შემდეგ საერთოდ აღარ ჩნდება”, – ამბობს დასახლების კიდევ ერთი წევრი ვალერი სოლომნიშვილი. სუბარმა აფრიკის დასახლებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ვერავის ვერაფერს დაჰპირდებოდა ისეთს, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

სოლომნიშვილების სოციალიურად დაუცველთა ოჯახში ცხოვრობს 5 ადამიანი, აქედან 3 არასრულწლოვანი.

დასახლებაში ცხოვრობენ მარტოხელა დედებიც, მათ შორისაა ირმა გოგიაშვილიც. მისი თქმით, წასასვლელი არსად აქვს და ეშინია, “რომ ხვალ შეიძლება მისი სახლიც დაანგრიონ”.

“ვარ მარტოხელა დედა, სოციალურად დაუცველი. ჩემმა ოჯახმა არ მიმიღო, რადგან მყავს “უკანონო” შვილი. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ და ვერსად ვმუშაობ”, – ამბობს ირმა გოგიაშვილი.

“ჩემს სამი წლის შვილს ვერსად ვერ ვტოვებ. მხოლოდ სოციალურ დახმარებასა და მეზობლების კეთილ ნებაზე ვარ დამოკიდებული. არ მაქვს გათბობა. მარტოხელა დედებს სახელმწიფო არაფრით გვეხმარება. მერიამ დამაჯარიმა 75 000 ლარით, რომელსაც ვერანაირად ვერ გადავიხდი. სულ მაქვს 160 ლარი შემოსავალი, როგორ გავიტან ასე თავს. ალბათ, აქედანაც გვყრიან”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ირმა გოგიაშვილი.

მარტოხელა დედის ირმა გოგიაშვილის სახლი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დასახლებაში მცხოვრები პირთა ნაწილი, რომლებიც მერიის მიერ გავრცელებულ სიაში ინიციალების სახით არიან მოცემულნი, ფლობენ არაერთ საცხოვრებელ სახლსა და უძრავ ქონებას თბილისსა და რეგიონებში.

ნეტგაზეთთან საუბრისას ადგილობრივი მოსახლეები უარყოფენ იმას, რომ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილებიც. “სხვაგან რომ სახლი გვქონდეს, ამ ნაგავსა და ტალახში არ დავიწყებდით გომურების აგებას”, – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

დასახლების ერთ-ერთმა მკვიდრმა ნოდარ ბარდაძემ, რომელმაც საკუთარი ინიციალები ამოიცნო გავრცელებულ სიაში, მედიასთან განაცხადა, რომ დასახელებული ქონება ეკუთნოდა არა მას, არამედ მის მამას, რომელმაც იგი 5 წლის ასაკში მიატოვა.

როგორ იქმნება ასეთი დასახლებები

მსგავსი ტიპის დასახლებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია და მათი წარმოქმნა ურბანიზაციისა და შრომითი მიგრაციების, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მოდელის თავისებურებების შედეგია. როგორც ნეტგაზეთს აფრიკის დასახლებაში განუცხადეს, მოქალაქეები ფინანსური პრობლემების გამო დაეუფლნენ ცარიელ სახელმწიფო ქონებას და ააშენეს საკუთარი საცხოვრებლები.

თბილისის ტერიტორიაზე არაერთი მსგავსი დასახლება არსებობს, მათ შორის ვარკეთილში, მუხიანში, სამგორში, ნაძალადევში, ვაზისუბანსა და გლდანში.

ღიმილის უბანი – ვარკეთილი/ ფოტო ზურა მენაღარიშვილი “მცხოვრებლები სამშენებლო ობიექტებზე შეგროვებულ ხის ფანერებს იმარაგებენ ზამთრისთვის”

ნეტგაზეთი ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა ვარკეთილში მდებარე ე.წ. “ღიმილის უბანში”, რომელიც მსგავსად აფრიკის დასახლებისა, უნებართვოდ და ქაოტურად განაშენიანებული ტერიტორიაა. ღიმილის უბნის მოსახლეობაც აცხადებს, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

როგორც წესი, ასეთ დასახლებებში არ არის ასფალტის საფარი და ბუნებრივი აირი. ელექტროენერგიის რამდენიმე აბონენტია, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას ელექტროენერგია ამ აბონენტებიდან და ერთმანეთის სახლებიდან აქვთ “გადმოყვანილი”. პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების გატანაც.

აფრიკის დასახლებაში არ არის ასფალტის საფარი. გზა წვიმის დროს ტალახდება

იმის გამო, რომ დასახლებები უკანონოა, მცხოვრებლებს მშენებლობის ნებართვის არქონის გამო,სოლიდური ჯარიმები ერიცხებათ, რომელთა ოდენობაც 25 ათასი ლარიდან 80 ათას ლარამდე მერყეობს.

“ასეთი უბნების გაჩენა არის იმ პოლიტიკების შედეგი, რომლებიც ორიენტირებული არიან ძალაუფლებაზე, მოგების მაქსიმალურად გაზრდასა და დეველოპერის გამდიდრებაზე”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას ქალაქდამგეგმარებელი და ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე.

ზურაბ ბაქრაძე.

ქალაქდამგეგმარებელი და ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე/Facebook

“სახელმწიფოს არ აქვს არანაირი იდეები, ქვეყანაში არის სიღარიბე. ადამიანები, რომლებიც ღარიბდებიან და სჭირდებათ საცხოვრებლები, ამგვარ გამოსავალს პოულობენ, რომ არასამართლებრივად, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აიშენონ საცხოვრებლები. ეს ადამიანები გაღატაკდნენ სახელმწიფოს პოლიტიკის გამო და დანაშაულიც [სახელმწიფო ქონების მიტაცება] ჩაიდინეს სახელმწიფოს ბიძგის გამო. ეს მათ საქციელს არ ამართლებს, თუმცა მას ხსნის”, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, თბილისს საბინაო პოლიტიკა არ გააჩნია, რაც პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია.

“თბილისს აქვს ერთადერთი ხილვადი პოლიტიკა, რომ ინვესტორებმა ნახონ მაქსიმალური მოგება. საკუთრივ საცხოვრებლის პოლიტიკა ქალაქის მმართველობას საერთოდ არ აქვს. არ არსებობს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მექანიზემები”, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

მისი თქმით, დემონტაჟი შესაძლოა იყოს მხოლოდ დიდი პოლიტიკის ნაწილი და არა ერთადერთი რეაქცია.

“დემონტაჟი გამოსავალი არ არის. როდესაც ხალხს უკანონოდ აშენებულ სახლებს დაუნგრევენ, რაიმე შეიცვლება? ისინი კლავ უსახლოდ დარჩებიან.  ეს უნდა იყოს დიდი საცხოვრებელი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი, რომ ყველა დანაშაული დაისაჯოს. “დაეპატრონა რაღაცას, უნდა წაართვა”, მაგრამ ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი, სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. ამ პოლიტიკის შემუშავებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მათ შორის სამართლებრივ დონეზეც. წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, მაშინ, პირველ რიგში, დაანგრიონ პანორამა, რომელიც უკანონოდ აშენდა, დაანგრიონ ბიძინა ივანიშვილის სასახლე, რომლის მშენებლობაც ნებართვის გარეშე დაიწყო. გაუბედურებული ადამიანის ზურგზე არ უნდა გადადიოდეს ეს [კანონის აღსრულება]”, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

რას სთავაზობს სახელმწიფო მათ, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს 

15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რას სთავაზობს მერია იმ ადამიანებს, ვისაც სხვა ალტერნატივა არ აქვს, უპასუხა, რომ “არსებობს ნახევრად ცარიელი თავშესაფარი” და მერია “ყველანაირად უზრუნველყოფს” ამ პირებს. იმ ადამიანებს კი, ვისაც “გარკვეული პრობლემა აქვს, სახლი დაენგრათ ან ა.შ.” მათთვის გამგეობები თანხებს გამოყოფენ, რათა “ეს ადამიანები იჯარით გაიყვანონ იმისთვის, რომ ქუჩაში არ დარჩნენ”.

როგორც მერის პასუხიდან ირკვევა, სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად კი თბილისის მთავრობა, ამჟამად უბინაო მოქალაქეებს ორ გამოსავალს სთავაზობს, მათ შორის:

  • თავშესაფარი, რომელიც ლილოში მდებარეობს
  • სახელმწიფოს მიერ ბინის იჯარით აღება ან ქირაობა

თბილისში, ლილოს დასახლებაში, მიუსაფარ პირთათვის თავშესაფარი 2016 წელს გაიხსნა. შენობა 240 პირზეა გათვლილი, თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად იქ მყოფ ბენეფიციართა რიცხვი მხოლოდ 118-ს შეადგენს. ზამთრის ცივ დღეებში მათი რაოდენობა 150-160-ს აღწევს.

ბოლო სამი წლის მანძილზე ქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა მოქალაქეებისთვის ბინის დასაქირავებლად. მერიის თანახმად, 2020 წელს ქირის ფულის დაფარვაში 1740 ოჯახს დაეხმარა.

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Wednesday, December 16, 2020

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის განცხადებით, სახელმწიფოს ქვეყნის მასშტაბით უსახლკაროთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს. EMC-ის ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტს აქვს პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთისგან განსხვავდება და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არაერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსახლკარობის პოლიტიკაში კანონმდებლობით ერთადერთი ფუნქცია აკისრია – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული უსახლკარო პირების ერთიანი რეესტრის წარმოება, თუმცა ეს ვალდებულება პრაქტიკაში არ სრულდება”,- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა

სოციალური პოლიტიკის მკვლევარი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სრულიად არ გააჩნია საბინაო პოლიტიკა, ხოლო ის ალტერნატივა, რაც ხელისუფლების მიერაა შემოთავაზებული, არაეფექტურია.

“საცხოვრისით უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს მოვალეობა, თუმცა იგი ამას არ ასრულებს. მას გეგმა არ აქვს, თუ როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. ეს საკითხი მთლიანად მინდობილია კერძო სექტორზე. სახელმწიფომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა”, – აცხადებს კოტე ერისთავი.

“თავშესაფარი, რომელსაც მერია ხალხს სთავაზობს, ოჯახზე ორიენტირებული არ არის. ეს არის უბრალოდ ღამის გასათევი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ნივთიერებებზე დამოკიდებულნი და აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობა. ამ თავშესაფარში დღის განმავლობაში არ რჩებიან. ეს არის დროებითი თავშესაფარი და არა საცხოვრებელი. ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს, ვგულისხმობ მერიის შეთავაზებას, რომ თავშესაფრით ისარგებლოს უსახლკარომ, ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა და პირდაპირი უარი მის ცენტრალურ ვალდებულებაზე [ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა]”, – აცხადებს კოტე ერისთავი.

აფრიკის დასახლების მცხოვრებლთა მოთხოვნილებებთან თავშესაფრის ფუნქციურ შეუსაბამობაზე საუბრობს EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძეც.

“თავშესაფრის მიზანი არის, რომ ადამიანებმა გაათიონ მხოლოდ ერთი ღამე, მაგრამ იმის, გამო, რომ ქალაქს არ აქვს სხვა სერვისები, ეს თავშესაფარი იქცა რეჟიმულ დაწესებულებად და გადაიქცა საცხოვრისად, სადაც ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არავინ ჰყავთ”, – აცხადებს ლინა ღვინიანიძე.

[დროებითი თავშესაფრების თემაზე გირჩევთცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში]

“თვითონ თავშესაფრის ინფრასტრუქტურა და მისი ფუნქციური შინაარსი გამორიცხავს იქ ოჯახების ცხოვრებას. დაწესებულება გაყოფილია ქალებისა და კაცების ნაწილებად, ბენეფიციარებს არ აქვთ პირადი სივრცე. შესაბამისად, აქ ოჯახებისთვის ინდივიდუალური სივრცე ვერ იქნება. ეს კარგად იცის თავშესაფარის ადმინისტრაციამაც და სწორედ ამიტომაც, აქ ოჯახებს არ იღებენ, ამიტომ კალაძის განცხადება, რომ ეს არის აფრიკის დასახლების მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული სივრცე, ეს ასე არ არის”, – ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს ლინა ღვინიანიძე.

“თავშესაფრის სერვისი სრულიად შეუსაბამოა აფრიკის დასახლების მცხოვრებლებთან” – ლინა ღვინიანიძე ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 21.03.2017

მკვლევრის განცხადებით, უსახლკაროთა ე.წ. “ქირით გაყვანის” პროგრამას სულ მცირე 5 პრობლემა აქვს.

  • პროგრამა არის ერთადერთი

“მთავარი პრობლემა ამ პროგრამის არის ის, რომ ის არის საცხოვრისის სტრატეგიის ერთადერთი და არა ერთ-ერთი პროგრამა. არ შეიძლება ეს იყოს ერთადერთი პროგრამა საცხოვრისით უზრუნველყოფის დროს, იმ შეზღუდვების გამო, რომელიც “ქირით გაყვანას” გააჩნია.”

  • დროებითობა

“მერი საუბრობდა იმაზე, რომ ქირით ოჯახებს შეუძლიათ იცხოვრონ დიდი ხნით, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. თბილისის მასშტაბით ქირის პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმუმ ერთწლიან ცხოვრების შესაძლებლობას. გამონაკლის შემთხვევებში კიდევ მთავრობა იღებს გადაწყეტილებას, რომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს დახმარება. საბოლოო ჯამში, 24 თვე არის ის მაქსიმუმი [ისიც გამონაკლისი შემთხვევების დროს], როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა. შემდეგ ისინი რჩებიან გარეთ. ამიტომაც ქირა ვერ იქნება იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ვხვდებით აფრიკის დასახლებაში.”

  • ვინ არის პროგრამის ბენეფიციარი 

“პროგრამა ყველას ვერ ფარავს. მისი ბენეფიციარები არიან ის ადამიანები, რომლებმაც თბილისში დაკარგეს, ან დაენგრათ სახლი. ადამიანს, რომელსაც არასდროს არ ჰქონია სახლი, ან არის სხვა ქალაქიდან, არის შრომითი მიგრანტი ან სხვა, ვერასდროს ვერ ისარგებლებს ამ პროგრამით.”

  • ქირის ოდენობა 300 ლარი

პროგრამის შექმნიდან მოყოლებული, ქირის მაქსიმალური ოდენობაა 300 ლარი. შეიძლება გამონაკლისი არსებობდეს, თუმცა უცნობია, როგორ ხდება თანხის გაზრდა. ჩვენ [EMC] გვქონია ბენეფიციარებთან შეხება, მათ შორის მრავალსულიან ოჯახებთან, რომლებიც ამ თანხაში ვერ პოულობენ საქირავებელ ბინას.

  • ბიუროკრატია – ვინ ეძებს ბინას და ვინ იხდის ფულს

“ძალიან ხშირად ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათზეა ფართის მოძიების ტვირთი, ისინი უნდა მოელაპარაკონ ბინის მესაკუთრეებს, თუმცა ხშირად, როდესაც მესაკუთრეები იგებენ, რომ მერიასთან უნდა დადონ ხელშეკრულება, ისინი უარს აცხადებენ ბინის გაქირავებაზე. დღემდე არაერთი ადამიანი აქირავებს ბინას არაოფიციალურად.

ლინა ღვინიანიძის განცხადებით, მსგავს პროგრამებს უნდა ერთვოდეს ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული სხვა ხელშემწყობი და გამაძლიერებელი პოლიტიკებიც.

“თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, შესაბამისად, ქირის ამოწურვის შემდეგ, ბენეფიციარების მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფა ისევ პრობლემურია”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ანთროპოლოგისა და მემარცხენე აქტივისტის, გიორგი ღვინჯილიას თქმით, მოქალაქეებს, მათ შორის აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს, ნდობა არ გააჩნიათ სახელმწიფოს მიმართ, ამდენად, ნებისმიერი პოლიტიკის ეფექტურობა სათუოა.

“ეს ხალხი სახელმწიფოს, ფაქტობრივად, არ ენდობა და აქვთ განცდა, რომ იმ საცხოვრისსაც დაკარგავენ, რომელიც ახლა აქვთ. მე ვფიქრობ, რომ საბინაო პოლიტიკის გარეშე ამ ხალხის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ ამისათვის ეს ხალხი უნდა ენდობოდეს იმათ, ვინც ამ საკითხებზე საუბრობს, თუმცა ამ ადამიანებმა უკვე გამოსცადეს, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა არ აქვს”, – აცხადებს გიორგი ღვინჯილია.

“ასევე ძნელია ნდობის მოპოვება სამოქალაქო ჯგუფების მიერაც. ვფიქრობ, ამ შემხვევაში, ასეთმა ჯგუფებმა, პირველ რიგში, მხარი უნდა დაუჭირონ ადგილობრივთა მოთხოვნებს და ისაუბრონ რეალურად გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგალითად, იმაზე, რომ დასახლებაში არ არის ასფალტი, ხოლო ამის შემდეგ კი, საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე”, – ამბობს გიორგი ღვინჯილია.


აფრიკის დასახლების ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიას:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი