ახალი ამბები

“გავამკაცრებთ რეიდებს” – მუნიციპალური ინსპექცია

21 დეკემბერი, 2020 • 1384
“გავამკაცრებთ რეიდებს” – მუნიციპალური ინსპექცია

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე საუბრისას ამბობს, რომ რეიდები გამკაცრდება.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირება გვექნება“, – თქვა მან.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯღარკავამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მერიას არ დაუნგრევია იმ მოქალაქეების სახლები, რომლებსაც სხვა ალტერნატიული საცხოვრისი არ აქვთ. მისი თქმით, ვრცელდება ცილისწამებლური ინფორმაცია ასევე 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახის შესახებ.

ჩანგელიების ოჯახმა სასამართლოსაც მიმართა, მათი სახლის დემონტაჟი შეეჩერებინათ. სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დევნილთა სააგენტომ თქვა, რომ ოჯახს ბინას გადასცემენ. 

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩამოთვალა მოქალაქეთა ინიციალები, რომლებიც მისი თქმით, საცხოვრებელს ფლობენ, თუმცა აფრიკაში უკანონოდ მაინც აშენებენ შენობებს. იგივე გააკეთა დღეს ლევან ჯღარკავამაც. მან თქვა:

„თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ  განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშნებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამცავ პირებს, 4 დღის განმავლობაში მოეხიდანთ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი. ჩვენი მხრივ დაწყებულია მოკვლევა და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ დევნილთა სტატუსით და, შესაბამისად, მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონებები. კერძოდ: მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაონ სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე, ფლობს 586 კვ. მ. მოცულობის არასასოფლო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-ს საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამამისს, იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს სოფლად სახლის პროგრამით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ. მ საცხოვრებელი ფართი, ქალაქ თბილისში შუამთის ქუჩაზე. დევნილითა სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდიბარედ უკანონო მშენებლობასთან კავშირი დაუდასტურდა ასევე სხვა მოქალაქეებს. მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია ბინა ჭიათურაში- 1148 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმებში, 852 კვ. ფართობის ნაკვეთი ასევე სოფელ მღვიმებში და 684 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი ჭუათურის სოფელ მღვიმებში.

მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში. სოფელ შინდისში მას უფისქსირდება გასულ წელს 600 კვ.მ მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს გაკეთებული განცხადება საჯარო რეესტრში წავკისში 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხვონაზე. ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდარღვევთა შესახებ, რომელიც მიწას იტაცებენ“.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი