ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდია ფაქტობრივად ახლიდან სწავლობს სიარულსა და ლაპარაკს – ოჯახის ადვოკატი

21 დეკემბერი, 2020 • 2115
ცოტნე გამსახურდია ფაქტობრივად ახლიდან სწავლობს სიარულსა და ლაპარაკს – ოჯახის ადვოკატი

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ამ დრომდე უტარდება სარეაბილიტაციო პროცესი და  “ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს სიარულს და ლაპარაკს”. ამის შესახებ გიგუაშვილმა დღეს, 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიგუაშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე გერმანიაში რჩება და იქ გადის სარეაბილიტაციო კურსს.

“მას [ცოტნე გამსახურდიას] უტარდება ყველა სათანადო პროცედურა, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. თუ რაიმე პროცედურა არსებობს ინოვაციური, ტექნოლოგიური მედიცინის თვალსაზრისით რაიმე მიღწევა, ყველაფრის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, მათ შორის მატერიალური, ფინანსური თვალსაზრისით”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ასევე, ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამსახურდიას ექიმები ამბობენ, რომ მის რეაბილიტაციას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება.

“სრულიად კონტაქტურია, სრულიად ადეკვატურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს, მათ შორის მან [ცოტნე გამსახურდიამ] მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეუღლესთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია განახორციელა ჟესტების ენით. ამ ეტაპზე ის შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით, ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

გიგუაშვილის თქმით, გამსახურდიას მკურნალობის კურსი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჯდება, რასაც სრულად აფინანსებს “ქართუ ბანკი”.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. გამსახურდია ჯერ თბილისის, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს შეეფარდა 15- წლიანი პატიმრობა. მათ ბრალად ედებოდათ  დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, მოსამართლის განაჩენით, 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

მასალების გადაბეჭდვის წესი