ახალი ამბები

სააპელაციომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი ძალაში დატოვა

25 ნოემბერი, 2022 • 761
სააპელაციომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი