ახალი ამბები

დაგვიანებით გაჟღერებული რეალობა, იმედია, შეცვლის დამოკიდებულებებს – ჟვანია

12 დეკემბერი, 2020 • 932
დაგვიანებით გაჟღერებული რეალობა, იმედია, შეცვლის დამოკიდებულებებს – ჟვანია

“ცესკოს” თავმჯდომარე თამარ ჟვანია ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ  არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების კორექტირებას ეხმაურება. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნულის შემდეგ საარჩევნო კომისიის მიმართ დამოკიდებულებები შეიცვლება.

“დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა.

დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება. ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს. “, – დასძენს ჟვანია სოც. ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოსა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ განხორციელებული “ზეწოლის” პირობებში “შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები” არ გაკეთებულა, მისთვის მიუღებელია  “შეტევა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები” არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა.

ამის შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი