ახალი ამბები

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი

12 დეკემბერი, 2020 • 1574
ირანში სიკვდილით დასაჯეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი

ირანში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, რომელმაც ხელი შეუწყო 2017 წლის მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის გაფართოებას და თავის სოც. მედიაში უწყვეტად აშუქებდა მოქალაქეთა დემონსტრაციებს. სახელმწიფო მედიის თანახმად, 47 წლის რუჰოლა ზამი შაბათს, დილით ჩამოახრჩეს.

“გარდიანის” ინფორმაციით, ირანის სასამართლომ ჟურნალისტს სიკვდილი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯა. ის გაასამართლეს კორუფციასთან დაკავშირებული მუხლით, რომელსაც, როგორც წესი, იყენებენ მათ მიმართ, ვისაც შპიონაჟსა და ირანის ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობას ედავებიან.

რუჰოლა ზამის ედავებოდნენ ხელშეწყობას საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც ირანში 2017 წლის დეკემბერში, საკვებზე ფასების ზრდის შემდეგ დაიწყო და მალე ქვეყნის ათეულობით ქალაქი მოიცვა. პროტესტი მალევე გასცდა სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებს და გაჩნდა მოწოდებები ირანის მთელი მმართველი კლასის, მათ შორის, პრეზიდენტისა და სულიერი ლიდერის წინააღმდეგ.

ჟურნალისტი მოვლენების გასაშუქებლად თავის ტელეგრამის არხს იყენებდა. ის უწყვეტად ავრცელებდა ინფორმაციას საპროტესტო აქციების განრიგზე, ასევე, წერდა იმ ოფიციალური პირების შესახებ, რომლებიც მმართველ წრეებს უპირისპირდებოდნენ.

ირანის ხელისუფლების მოთხოვნით, ტელეგრამმა ზემოხსენებული არხი დახურა. კერძოდ, თეირანი აცხადებდა, რომ რუჰოლა ზამი ავრცელდება ხელნაკეთი ბომბების დამზადების ინსტრუქციებს.

აღნიშნულის შემდეგ, ჟურნალისტმა თქვა, რომ დატოვა ირანი, რადგან მის წინააღმდეგ ჟღერდებოდა ყალბი ბრალდებები უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურიდან თანამშრომლობის შესახებ. “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის ცნობით, ის უარყოფდა რაიმე ფორმით ძალადობის ხელშეწყობას, თუმცა ღიად ამბობდა, რომ მისი ტელეგრამის არხის მიზანი ნამდვილად იყო ირანის ხელისუფლების დამხობა.

2019 წლის ოქტომბერში ირანის “რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” განაცხადა, რომ რუჰოლა ზამი, რომელმაც თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში და პარიზშ იმყოფებოდა, დააკავეს. უცნობია, სად და რა ვითარებაში შეძლეს ძალოვნებმა მისი დაკავება.

გასულ წელს, დაკავების შემდეგ, ზამი არაერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით. ის ბოდიშს იხდიდა წარსული საქმიანობისთვის, ერთ-ერთ ინტერვიუში კი დასძენდა, რომ დაკავების შემდეგ 30 კილოგრამი დაიკლო.

უფლებადამცველი ორგანიზაციები არაერთგზის გამოხატავდნენ შეშფოთებას სატელევიზიო “აღიარებების” გამო და გამოთქვამდნენ ეჭვს ჟურნალისტის სავარაუდო წამების შესახებ, რითაც ბოდიშის საჯაროდ მოხდას აიძულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი