ახალი ამბები

იდეოლოგიების დრო დასრულდა – სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 1349
იდეოლოგიების დრო დასრულდა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელია, ჯერ თავისუფალი არ არის, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

“საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაბრკოლებს:

შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივის და პასუხისმგებლობისა! თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში! შიში, რომელიც ყველაფერს აბრკოლებს და ჩვენს თავს გვართმევს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს იდეოლოგიების დრო და კოლონიალური კომპლექსი.

“ტყუილი და ხალხით მანიპულირება ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დასრულდა: კომუნიზმი დასრულდა, ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას.

ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს- ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს საკუთარ თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია”,  – აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ნეპოტიზმე და მერკანტილურ მიდგომაზე, რომელიც “ხელს გვიშვლის მეცენატობის დაფასებაში”.

“ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს. უნდა დასრულდეს გამოცდილებისა და ცოდნის უგულებელყოფა, რაც შრომის ბაზრიდან უფროსი თაობების განდევნას ამართლებს და გვაღარიბებს. დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა; დამღუპველია შიში თავისუფალი ადამიანისა. ეს გვაკარგვინებს ძვირფას ადამიანურ რესურსს და აფერხებს მათ მოზიდვას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში.

მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით – „მე რა?“ – მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არამხოლოდ არჩევნების დროს. უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.

მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი, ახალი, თამნამედროვე, ძლიერი საქართველოს შექმნა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


დღეს 11 დეკემბერს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებიან. მათი ნაწილი პარლამენტში შესვლას შეთანხმების მიღწევამდე არ აპირებს, ხოლო ნაწილი საარჩევნო სიების გაუქმებასა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი