ახალი ამბები

დემოკრატიის არსის უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო, ითხოვ ახალ არჩევნებს – პრეზიდენტი

11 დეკემბერი, 2020 • 842
დემოკრატიის არსის უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო, ითხოვ ახალ არჩევნებს – პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ზურაბიშვილმა საკუთარ მიმართვაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ისაუბრა და მათზე თავდასხმა დესტრუქციულ ქმედებად შეფასა.

“პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება!”-განაცხადა ზურაბიშვიმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჯარზე, პოლიციაზე და თქვა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ქვეყნისთვის დამანგრეველია. რაც შეეხება პარლამენტს, ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა თუ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა ისტორიის შეურაცხყოფაა. პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვაში ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენა და მანდატებზე უარის თქმა არის დემოკრატიის არსის უარყოფა.

“ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამდროვე და ძლიერ ჯარზე გადის. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება. პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა თუ მასზე მორალური ზეწოლა. პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა – იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით, ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით – შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები.

დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ  მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე!”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, თქვეს, რომ არ გამოიყენებენ მანდატებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი