თბილისში ვატო შაქარიშვილის პარტიის ორგანიზებით ნეიტრალიტეტის ფორუმი მიმდინარეობს.

თბილისში ნეიტრალიტეტის ფორუმის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის „სამხრეთ კავკასიაში ნეიტრალიტეტის პერსპექტივების, რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკულად ორიენტირებული კვლევითი კონფერენცია საერთაშორისო ნეიტრალიტეტის მკვლევარებისა და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსების მონაწილეობით“.

რეალურად რა არის ნეიტრალიტეტი, რომელზეც ამ კონფერენციაზეც ლაპარაკობენ,  რას ნიშნავს ის საქართველოს კონტექსტში, ნეტგაზეთი ამ საკითხებზე ყოფილი დიპლომატს, ასევე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევარს, მეგი ბენიას ესაუბრა.

ზოგადად რა არის ნეიტრალიტეტი, რომელზეც ამ კონფერენციაზეც ლაპარაკობენ და ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მოკავშირეები უკვე პირდაპირ და აქტიურად ითხოვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საპირწონედ?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით, ნეიტრალიტეტის რომელ კონკრეტულ მოდელზე საუბრობენ ფორუმის ორგანიზატორები და მონაწილეები. ნეიტრალიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებში სხვადასხვა ფორმით არსებობს და შეიძლება გულისხმობდეს როგორც კონკრეტულ სამხედრო კონფლიქტში მიუმხრობლობას, ისე სახელმწიფოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

თუმცა, საქართველოს კონტექსტში ნეიტრალიტეტის ნებისმიერი ფორმა შეუთავსებელია ნატო-ს წევრობასთან, რადგან კოლექტიური თავდაცვის სისტემა გულისხმობს მოკავშირეების მიერ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებას. შესაბამისად, თუ ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ალტერნატივად განიხილება, ეს უკვე ნიშნავს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტურ გადახედვას. ამასთან, ეს პირდაპირ აჩენს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხსაც, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამიტომ, ვიდრე ნეიტრალიტეტზე ზოგადი და ემოციური მსჯელობა დაიწყება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს შეთავაზება, ვისთან მიმართებით იქნება საქართველო ნეიტრალური, რა ვალდებულებებს აიღებს, რა უსაფრთხოების მექანიზმები ჩაანაცვლებს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და, რაც მთავარია, ვინ უზრუნველყოფს ამ სტატუსის დაცვას.

შეიძლება ნეიტრალიტეტი უშუალოდ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ნაწილს მოეწონოს და გაუჩნდეს აღქმა, რომ ეს ნიშნავს გზას, რომლითაც საქართველო გლობალურ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს მოერიდება. თქვენი აზრით, სინამდვილეში რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი უშუალოდ საქართველოს კონტექსტში?

ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის იდეის მიმზიდველობა სწორედ მის სახელწოდებაშია. ერთი შეხედვით, ის შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტებისგან დისტანცირების გარანტია. თუმცა უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ქვეყანას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის რეალური შესაძლებლობა.

საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული კონფლიქტები ან რომლის მეზობლებიც მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნიან. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მზად არის სამხედრო ძალა გამოიყენოს მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური არჩევანის შესაზღუდად.

ამ თვალსაზრისით, მოლდოვისა და უკრაინის გამოცდილება განსაკუთრებით საყურადღებოა. მოლდოვას კონსტიტუციით მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი აქვს, თუმცა ეს ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა მის ტერიტორიაზე აღკვეთილიყო ან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გადაჭრილიყო. უკრაინამ კი 2010 წელს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა აირჩია, მაგრამ ამან ვერ შეაკავა რუსეთის აგრესია, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი განაპირობა, ხოლო 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტის გამოცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. რატომ უნდა თქვას უარი ქვეყანამ იმ უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაციაზე, რომელიც მის სუვერენიტეტს აძლიერებს, იმ დროს, როდესაც მის ტერიტორიაზე ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ძალები იმყოფებიან? არსებობს რაიმე გარანტია, რომ რუსეთი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს ან მომავალში აღარ შეეცდება მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას? ასეთი გარანტია არ არსებობს.

შესაბამისად, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს უბრალოდ გლობალური კონფლიქტებისგან დისტანცირებას. პრაქტიკაში ის შეიძლება ნიშნავდეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების არსებული სტრატეგიული საყრდენის დაკარგვას სანდო და ქმედითი ალტერნატივის დაკარგვის გარეშე. შედეგად საქართველო აღმოჩნდება უფრო მოწყვლადი იმ სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის მიმართ, რომლისგანაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მომდინარეობს.

გვითხარით სპიკერებზე, ვინ არიან ისინი და რა აკავშირებთ ერთმანეთთან?

ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა პროფესიული და აკადემიური წარსულის მქონე ადამიანები არიან, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო პოზიციებში რამდენიმე საერთო მიმართულება იკვეთება. კერძოდ, ისინი კრიტიკულად უყურებენ ნატო-ს გაფართოებას, ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ხშირად, უკრაინაში რუსეთის ომის გამომწვევ მიზეზებს დასავლეთის პოლიტიკას უკავშირებენ. მათი ნაწილის შეფასებით, ომის დასრულების ერთ-ერთი შესაძლო გზა უკრაინის ნეიტრალიტეტი და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაა.

ზოგიერთი მოწვეული სპიკერი დასავლური პოლიტიკის განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით გამოირჩევა და რუსეთის პოზიციებს უფრო მეტად ითვალისწინებს, ვიდრე იმ სახელმწიფოების უსაფრთხოების ინტერესებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან რუსეთის აგრესიას. ამავე კონტექსტში საყურადღებოა ერთ-ერთი მონაწილის პოლიტიკური გზავნილების მჭიდრო თანხვედრა ირანის ხელისუფლების ოფიციალურ ნარატივებთან, განსაკუთრებით აშშ-ისა და დასავლეთის როლის შეფასებისას.

თუმცა აქ მთავარი საკითხია არა ის თუ ვინ მონაწილეობს ფორუმში, არამედ ის თუ რა საერთო პოლიტიკური გზავნილი იქმნება ამ ადამიანების ერთ სივრცეში შეკრებით. როდესაც ღონისძიების ცენტრალური თემა საქართველოს ნეიტრალიტეტია, ხოლო მოწვეული სპიკერების მნიშვნელოვანი ნაწილი ნატო-ს გაფართოებასა და დასავლეთის უსაფრთხოების პოლიტიკას აკრიტიკებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად არის წარმოდგენილი ალტერნატიული ხედვები და, განსაკუთრებით, უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების რეალური გამოცდილება.

ის, რომ ასეთი კონფერენციები ტარდება თბილისში და მათ შორის მისი ორგანიზატორია ხელისუფლების მოკავშირე ჯგუფი, რას გვეუბნება ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატზე და ორიენტაციაზე?

ამ ღონისძიებას ცალკეული კონფერენციის ფარგლებს მიღმა უნდა შევხედოთ. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა სულ უფრო აქტიურად შემოდის საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკურსში და თანდათან ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ქვეყნის არსებული საგარეო და უსაფრთხოების კურსის ალტერნატივა.

ამ თვალსაზრისით, მსგავსი ფორუმების ორგანიზება შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების საზოგადოებრივი ლეგიტიმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ პროცესში გამოიყენება აკადემიური დისკუსიისა და საერთაშორისო ექსპერტული პლატფორმის ფორმატი, რაც გარკვეულ პოლიტიკურ გზავნილებს უფრო მისაღებ და ლეგიტიმურ სახეს სძენს.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია არა თავად ის ფაქტი, რომ მსგავსი ღონისძიება იმართება, არამედ ის თუ რა მიმართულებით იცვლება საქართველოს უსაფრთხოების ხედვა, რა სტრატეგიული არჩევანისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს და რა შეიძლება იყოს ამ პროცესის გრძელვადიანი შედეგები ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

ვატო შაქარიშვილის პარტია თბილისში ნეიტრალიტეტის ფორუმს მართავს