ახალი ამბებისაზოგადოება

„კანტეფიც რომ მოგცეთ, ჩემი კეთილი ნება იქნებაო“ – რას ყვება დაღუპული მუშის ცოლი კომპანიაზე

17 ივნისი, 2019 • 5912
„კანტეფიც რომ მოგცეთ, ჩემი კეთილი ნება იქნებაო“ – რას ყვება დაღუპული მუშის ცოლი კომპანიაზე

ორთაჭალაში მშენებლობაზე მუშაობისას დაღუპული ერთ-ერთი დასაქმებულის უსახლკაროდ დარჩენილი ცოლი ეცდება, ქმრის დაღუპვის გამო კომპენსაცია სასამართლოს გზით მიიღოს დამსაქმებელი კომპანიისგან.

დამსაქმებელი აცხადებს, რომ ოჯახს 10 000 ლარი გამოუყო დაკრძალვის ხარჯებისთვის, რითაც „კეთილი ნება“ გამოიჩინა და „არანაირი ვალდებულება არ აკისრია“; არადა, როგორც ადვოკატი ამბობს, შესაძლოა, ოჯახმა ამ თანხაზე გაცილებით მეტი მოიპოვოს სასამართლოს ძალით.

მშენებელი კომპანია „ემ ჯი ალიანსი“ მერიამ და შრომის ინსპექციამ ამ ეტაპზე ჯამში 55 ათასი ლარით დააჯარიმეს, საიდანაც 25 ათასი გასაჩივრებულია; კომპანია ამ თანხის ანაზღაურებას ქვეკონტრაქტორისგან მოითხოვს, რომელიც ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისთვის ჰყავდა დაქირავებული.

მშენებელი აცხადებს, რომ, კონტრაქტის თანახმად, სწორედ ეს მეორე კომპანია იყო პასუხისმგებელი „უბედურ შემთხვევებზე“; მეტიც, დამსაქმებელი აცხადებს, რომ მშენებლობაზე დაღუპულთაგან მხოლოდ ორი იყო მისი დასაქმებული და ამ ორმა ადამიანმა მესამე — როგორც დირექტორი ამბობს, „უდანაშაულო კაცი“ — „უკანონოდ შემოაპარა“; „ვისი დანაშაული გამოიკვეთება, გამოძიება დაადგენს“, — განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

დამსაქმებლის თქმითვე, კალათაში, რომლითაც მუშები ჩამოვარდნენ, „2-ზე მეტი ადამიანი არ უნდა მჯდარიყო“, რაც, მისი თქმით, შრომის უსაფრთოებაზე ზედამხედველს, სავარაუდოდ, გამორჩა; გრძნობს თუ არა დამსაქმებელი პასუხისმგებლობას მის სამშენებლო მოედანზე სამი ადამიანის დაღუპვაზე? თავისუფლდება თუ არა იგი პასუხისმგებლობისგან?

ვეფხია ხუჭუა

31 წლის ვეფხია ხუჭუა წარმოშობით სამტრედიიდან იყო, თუმცა ცოლთან და 4 წლის შვილთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. დედამისი ახლაც შრომითი მიგრანტია თურქეთში და იქიდან შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილების ოჯახებს; თვითონ ვეფხია რამდენიმე წელი მუშაობდა მშენებლობებზე. ბოლოს ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) #12-ში მშენებარე კორპუსებზე იყო დასაქმებული.

16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ვეფხია კიდევ ორ ადამიანთან, ნოდარ ჩაკვეტაძესთან და შალვა ფუტკარაძესთან ერთად მშენებარე კორპუსის გარე ფასადზე, დაახლოებით მე-11 სართულთან, ე.წ სამშენებლო კალათზე (ე.წ „ლულკათი“) იდგა. ამ დროს ბაგირი, რომლითაც კალათა კორპუსზე იყო ჩამოკიდებული, ჩამოწყდა, კალათა ჩამოვარდა და სამივე მათგანი ჩაიყოლა.

შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე საათში საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძემ; ვეფხია, რომელიც მძიმე დაზიანებებით იწვა საავადმყოფოში და მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ, მე-7 დღეს, 22 მარტს გარდაიცვალა.

მძიმე ემოციურ ფონზე, ვეფხია ხუჭუას მეუღლეს, ნინო მჭედლიძეს ახლაც უჭირს ქმრის საავადმყოფოში წოლისა და გარდაცვალების შემდგომი დღეების გახსენება. თუმცა ახსოვს, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მედიით თქვა, კომპანიას დაშავებულისთვის ყურადღება არ მიუქცევიაო, დამსაქმებელი კომპანია „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორი ზაზა იჩქიტიძე კლინიკაში მივიდა და უსაყვედურა, „რას ქვია ყურადღებას არ გაქცევთო“.

ამის შემდეგ, როგორც ნინო იხსენებს, დირექტორი დახმარებასა და მხარში დგომას აღუთქვამდა; გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვის ხარჯებისთვის 10 000 ლარი გამოუგზავნა. თუმცა მოგვიანებით შეატყო, რომ მისი დამოკიდებულება შეიცვალა.

„კეთილი ნება“

ვეფხია სამტრედიაში დაკრძალეს. ნინოს რამდენიმე დღეში ისევ მოუწია თბილისში ჩამოსვლა მეუღლის სიცოცხლის დაზღვევის თანხის — 15000 ლარის — მისაღებად განცხადების დასაწერად [დაზღვევის თანხის მიღებას ის ჯერ კიდევ ელოდება]. გვიყვება, რომ ამ პერიოდში კომპანიიდან შეუთვალეს, მისულიყო და დალაპარაკებოდა.

მივიდა კიდეც. კომპანიის წარმომადგენლებთან ამ პირველ შეხვედრას ის ასე აღწერს: „შემოლაგდნენ ამხელა კაცები, დასხდნენ და აბა, რა გიჭირთო. არადა მშვენივრად იცოდნენ უკვე [ახლობლებთან საუბრებიდან], რაც გვიჭირდა — იცოდნენ, რომ მარტო, ქირით ვცხოვრობდით და წასასვლელი არსად გვქონდა; იცოდნენ, რომ გარდა იმისა, რომ ქმარი დავკარგე და ჩემმა შვილმა მამა დაკარგა, უპატრონოდ დავრჩით“…

„რომ ვუთხარით, რაც გვიჭირდა, გვითხრეს, მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ორ დღეში დაგირეკავთ და კიდევ მოდითო“. ორ დღეში მართლაც დაურეკეს. მომდევნო შეხვედრას უკვე დირექტორიც ესწრებოდა. ამ შეხვედრას ნინო ასე იხსენებს:

„მე შენი ქმარი საერთოდ არც ვიცოდი, ვინ იყო, არ ვიცნობდიო. მე ობიექტს ვიღებ და მინდა, რომ იქ აშენდეს შენობა, ამისთვის ვქირაობ ხალხს და ვეფხია იმუშავებს თუ ვინ, მე ყველა მუშა არ ვიციო. ერთი სიტყვით, მე არა ვარ პასუხისმგებელი შენი ქმრის სიკვდილზეო… ხმა არ ამომიღია, ვუსმენდი და მაქსიმალურად ვითმენდი… ჩვენ ვალდებული არა ვართ, რომ რამე გავაკეთოთო, შემიძლია, მეილზე ჩაგიგდოთ ეს ხელშეკრულებები, თქვენც გაეცანითო. თუ რამე [დახმარება] იქნება, ეგ ჩვენი კეთილი ნება იქნებაო“.

ნინოს ამის შემდეგ ნათქვამი ფრაზა განსაკუთრებით ჩარჩა გონებაში: „ხუთნი ვიყავით, ერთ-ერთი ჩემი შვილის ნათლია იყო და [დირექტორი ზაზა იჩქიტიძე] იმას ეუბნება, ბავშვს შენ როგორც კანფეტს მიუტანო, აწი აი, ეგრე, ფოჩიანი კანფეტი რომ მექნება, ფოჩიან კანფეტს მივუტანო. სიტყვა-სიტყვით… მეუღლე დამეღუპა და კანფეტებზე მელაპარაკება“.

იხსენებს, რომ ახლობლებმა, რომლებიც შეხვედრაზე წაყვნენ, კომპანიის წარმომადგენლებს უთხრეს, „ბინა სჭირდებათო, თავშესაფარი, რომ იცხოვრონო“. ისიც ახსოვს, როგორ ჩაიცინა ამ სიტყვების გაგონებისას კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, „გამორიცხულიაო, რის ბინაო“.

„დირექტორმა მომიყვანა მაგალითები: სხვებს არაფერი პრეტენზია ჰქონიათ, გვეუბნებიან, თქვენ რა უნდა მოგთხოვოთო, ხმას არ იღებენ და შენ ხარ ერთადერთი, რაღაცას რომ ითხოვო. ისე გამოიყვანა, თითქოს ქმრის სიკვდილით ვსარგებლობდი“…

როგორც ნინო გვიამბობს, დირექტორმა მოგვიანებით იმავე შეხვედრაზე ჰკითხა, რა სჭირდებოდა გარდაცვალების ორმოცისთვის [მეორმოცე დღისთვის]. „იმდენად განერვიულებული ვიყავი, არაფერი-მეთქი, ორმოცის ფული მაქვს-მეთქი. არადა არ მქონდა… ჩემები გამიბრაზდნენ, რატომ უთხარიო, რითი გინდა რამე გააკეთოო, იმიტომ, რომ მართლა აღარ მქონდა მაგის ფული. მაგრამ ვთქვი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. არ მინდა ეგეთი არაფერი. დაგამცირებენ და რაღაცას ხელი უნდა მოკიდო. არა“…

„მახსოვს, წამოსვლისას, რომ ნახა, რომ გავნერვიულდი და ფულზეც უარი ვუთხარი, მითხრა, თუ დავმოყვრდებითო, — არ ვიცი, ამაში რა იგულისხმა, — შეიძლება, მერე რაღაცა იყოსო. ჩემი გადასაწყვეტიაო. ჩემი კეთილი ნებითო“.

„დაზღვევას ხომ მე ვიხდიდი“

ნინო იხსენებს, რომ მოგვიანებით კომპანიიდან ჯერ შეუთვალეს, რვა ათასი, შემდეგ ჯერზე — 15 000 ლარი აეღო, თუმცა მან ადვოკატთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც, მისი თქმით, დამსაქმებელმა კვლავ „კეთილი ნება“ ახსენა, საბოლოოდ გადაწყვიტა, სამართლებრივი გზით ებრძოლა იმისათვის, რისი მიღების შანსიც აქვს.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში დამსაქმებელმა, კომპანია „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორმა ზაზა იჩქიტიძემ გაიმეორა, რომ 10 000 ლარის გადაცემა მისი „კეთილი ნება“ იყო, რასაც არავინ ავალდებულებდა. მისი საუბრიდან ჩანს, რომ უნდოდა, დაღუპული თანამშრომლის მეუღლეს მისთვის დახმარება ეთხოვა: „[შეხვედრაზე] რაღაცა თქვა და ვერ მივხვდი, სად უნდოდა, რა თავშესაფარი. რა უნდოდა, ვერ გავიგე და ვუთხარი, ამ ადამიანმა გამაგებინოს, რა სათხოვარით მოდის-მეთქი. არანაირი დადგენილება არ ყოფილა. არაფერი არ არის. მინდა, რომ დავეხმარო-მეთქი“.

იჩქიტიძე პირველ შეხვედრაზე ამბობს: „რა უნდა მელაპარაკა ცხრა კაცთან ერთად. მოვიდეს ჩვეულებრივად“. იმავეს ამბობს ადვოკატებთან ერთად შეხვედრაზე: „იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას რომ მომიყვან, გადავამისამართე ჩემს ადვოკატებთან“. იჩქიტიძემ ასევე გვითხრა, რომ დანარჩენი ორი დაღუპული ადამიანის ოჯახებთან „ჰარმონიული ურთიერთობა“ აქვს.

„ნეტგაზეთს“ ის უდასტურებს, რომ მჭედლიძეს პირველი შეხვედრის შემდეგ 15 000 ლარი შესთავაზეს: „კი, შევთავაზე, იმიტომ, რომ 15 ათასი არის დაზღვევა, ჩემო ბატონო“. კითხვაზე, ეს ხომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა, რა შუაშია ამასთან დამსაქმებელი, გვიპასუხა:

„მე ვიხდიდი [დაზღვევის ყოველთვიურ გადასახადს]. ყველას, ვინც მყავს მუშა, ხელფასიდან არ ვუქვითავდი და მე ვიხდიდი. ანუ მე გავუკეთე… სადაზღვევო კი არ აძლევს, აძლევს კომპანია, იმიტომ, რომ კომპანია იხდიდა და ხელფასიდან არ უქვითავდა“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხას იხდიდა ყოველთვიურად დაზღვევაში.

იმის მიუხედავად, თუ ვინ იხდის დაზღვევის ყოველთვიურ თანხას, დაზღვეული პიროვნება ან მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი სადაზღვევო კომპანიისგან იღებს თანხას და არა დამსაქმებლისგან.

იჩქიტიძემ „ნეტგაზეთსაც“ იგივე სიტყვები უთხრა: „მე არ ვიცნობდი ამ პიროვნებას. ისიც არ ვიცოდი, სახეზეც ნანახი არ მყავდა“. ასევე, თქვა, რომ ამ ადამიანების დაღუპვის გამო „როგორც ადამიანი, განადგურებული და მიწასთან გასწორებული“ იყო: „განცხადება დაწერილი მაქვს გადადგომის შესახებ. იმდენად დიდი ტრავმა იყო ჩემთვის“.

ლელა გვიშიანი, ნინო მჭედლიძის ადვოკატი, დამსაქმებლის ქმედებას უწოდებს „დომინანტურობის ჩვენების მცდელობას“ — „იმის მცდელობას, რომ დამსაქმებელმა, როგორც ძლიერმა მხარემ, აჩვენოს თავისი სიძლიერე დასაქმებულებს, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი ზიანი მიადგათ“.

დავა კომპენსაციისათვის

დაღუპული ვეფხია ხუჭუას მეუღლის, ნინო მჭედლიძის ადვოკატი, ლელა გვიშიანი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ პირველ ეტაპზე ისინი ეცდებიან, ოჯახმა დაზარალებულის სტატუსი მიიღოს და სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩაერთოს, ადევნოს თვალი, რა სახის ექსპერტიზებია ჩანიშნული და ა.შ.

მეორე ეტაპზე ისინი სამოქალაქო დავის დაწყებას აპირებენ ზიანის ანაზღაურებაზე: „სასამართლოში მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას კომპანიის მხრიდან, რომელმაც ვერ შეძლო, უსაფრთხოების ნორმები დაეცვა სამუშაო ადგილზე, რაც დააზღვევდა ასეთი ტიპის ზიანს“, — ამბობს გვიშიანი. მისი თქმით, ეს იქნება სამოქალაქო დავა, სადაც მოითხოვენ კომპენსაციას ოჯახის მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის გამო.

„კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს კომპენსაციას/სარჩოს მარჩენალდაკარგულისათვის — ანუ დაღუპულის მცირეწლოვანი შვილისთვის — მის სრულწლოვანებამდე“, — გვიხსნის გვიშიანი.

ამჟამად ბავშვი 4 წლისაა, სრულწლოვანების ასაკი 18 წელია; ესე იგი, შესაძლოა, დამსაქმებელს დაეკისროს კომპენსაციის ყოველთვიურად გადახდა 14 წლის განმავლობაში. თანხის ოდენობა დაღუპული დასაქმებულის ხელფასს ებმის.

სამშენებლო კალათა, რომელზეც ფუტკარაძე, ჩაკვეტაძე და ხუჭუა იდგნენ. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

როგორც ნინო ამბობს, ვეფხიას თვეში 2000 ლარამდე უხდიდნენ. სარჩოს გამოთვლა ამ რიცხვით 14 წელიწადში 300 000 ლარზე მეტს მოგვცემს. თუმცა ეს „ნეტგაზეთის“ ვარაუდია და შესაძლოა არაზუსტი იყოს. მოგვიანებით გახდება ცნობილი, ზუსტად რა სტრატეგიით იდავებს ოჯახი.

ამ დავაზე სავარაუდოდ, იმოქმედებს სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობაც, რომელმაც რიგი გარემოებები უნდა გამოკვეთოს. „დღემდე ვერ გავიგეთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. რატომ უნდა გაწყვეტილიყო ერთი კვირის ჩამოკიდებული კალათა? რამდენიმე დღით ადრე მეუბნებოდა, „ლულკა“ უნდა დაკიდონ და სიმაღლეზე ვიმუშავოო. ანუ ეს კალათა 5-6 დღის დაკიდებულიც არ იყო. როგორ გაწყდა ტროსი“? — კითხულობს ნინო მჭედლიძე.

გამოძიება და ჯარიმები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოვარდნის დღესვე დაიწყო გამოძიება მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის (ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე) მუხლით. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დანიშნული ექსპერტიზების პასუხებს ელოდება, ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობა არ გამოუკვეთავთ და არავინ დაუკავებიათ.

საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი „მონოლით სითი“ ორთაჭალაში უკვე მესამე წელია შენდება. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) „მონოლით ჯგუფია“, უშუალოდ მშენებელი კომპანია კი — „ემ ჯი ალიანსი“ („ემ ჯი ალიანსის“ 75%-იანი წილის მფლობელიც „მონოლით ჯგუფია“, რომლის გაურემონტებელი ბინების [თეთრი კარკასის] ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს).

„მონოლით სითი“. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

„ნეტგაზეთს“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს (თბილისში ეს უწყებაც ზედამხედველობს მშენებლობებს), რომ კომპანია „ემ ჯი ალიანსი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო;

ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ნეტგაზეთს“ 14 ივნისს განუცხადა, რომ „ემ ჯი ალიანსი“ ორჯერ დააჯარიმეს, ჯამში 25 000 ლარით, რადგან მათ არ ჰქონდათ გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემა და გონივრული ვადის გავსლის შემდეგაც არ აღმოუფხვრიათ დარღვევები.

„ამის შემდეგ კიდევ განვუსაზღვრეთ გონივრული ვადა და კიდევ უნდა მივიდეთ გადამოწმებაზე“, — განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

ბექა ფერაძის ცნობითვე, სამუშაოები სრულად შეჩერებული დაახლოებით ერთი თვე იყო, ცოტა ხნის წინ ეტაპობრივად დართეს მუშაობის უფლება, თუმცა „დაკიდულ ხარაჩოებზე, საიდანაც ჩამოვარდნენ ადამიანები, მუშაობის უფლება დღემდე არა აქვთ“.

„უსაფრთხოებისთვის სხვა კომპანია მყავდა დაქირავებული“

„ემ ჯი ალიანსის“ დირექტორი ზაზა იჩქიტიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას მშენებლობაზე შრომის და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობისათვის სხვა კომპანია ჰყავდა დაქირავებული — „ეიჩ ეს ი სერვის გრუპი“ (HSE Service Group).

იჩქიტიძის თანახმად, „ემ ჯი ალიანსსა“ და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს უკანასკნელი იღებდა პასუხისმგებლობას დარღვევებზე შესაბამის უწყებებთან. მისი თქმით, მართალია, „ემ ჯი ალიანსმა“ უკვე გადაიხადა დაკისრებული ჯარიმები, რადგან სხვა შემთხვევაში საქმიანობას ვერ გააგრძელებდნენ, ამ თანხის ანაზღაურება ქვეკონტრაქტორს მოუწევს.

იჩქიტიძის თქმითვე, ქვეკონტრაქტორს შრომის ინსპექციის ჯარიმები (14 000 და 11 000 ლარი) გასაჩივრებული აქვს [მაგრამ მერიაში არ გაუსაჩივრებია 30 000-იანი ჯარიმა]. იჩქიტიძის თანახმად, თუ საჩივარი არ დაუკმაყოფილეს, ქვეკონტრაქტორს მოუწევს „ემ ჯი ალიანსისთვის“ დროთა განმავლობაში არა მხოლოდ 30 000-ის, არამედ მთლიანად 55 000 ლარის ანაზღაურება.

„ალბათ, უნდა შეემჩნია“

როგორც ზაზა იჩქიტიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულებით იღებდა პასუხისმგებლობას „უბედურ შემთხვევებზეც“, რაშიც დამკვეთი „საკმაოდ სოლიდურ თანხას“ იხდიდა.

„[კონტრაქტორი] ვალდებული იყო, ყოველ დილით [ინსტრუქტორი] დახვედროდა თანამშრომლებს 9 საათზე; სიმაღლეებზე მომუშავეებისთვის შესვლის დროს ჩაეტარებინა ახსნა-განმარტება, მოეწერინებინა ხელი, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებს გაეცნენ, ეთანხმებიან და შეასრულებენ“, — თქვა იჩქიტიძემ. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ასრულებდა თუ არა კონტრაქტორი ნაკისრ პასუხისმგებლობას, მან უპასუხა:

„ძალიან მკაცრად იცავდა ამ ყველაფერს, თუმცა რაღაც მომენტში… თვითონ იმ კალათას, რომელიც უნდა მიეტანათ და ჩამოეკიდებინათ, ლომი გადაუყარეს და ისე მიაჩოჩეს მუშებმა. არ ვიცი ეს გამორჩა და გამოეპარა თუ როგორ მოხდა. უხეშად ეპყრობოდნენ, ასე ვთქვათ… მერე, როდესაც დაიკიდა ეს კალათა, როგორც ქარხანა ითხოვდა მის გამართვას, როგორ უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული, ამას ამოწმებდა და ნახულობდა. მაგრამ ის, რომ 500 კილო იყო ამის კრიტიკული ზღვარი და სავარაუდოდ, — მე არ ვიცი — 2 კაცზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და სამნი ისხდნენ კალათაში, ეს უნდა შეემჩნია ალბათ“.

იჩქიტიძემ დასძინა, რომ „ეს მოხდა შესვენებაზე, როცა შინაგანაწესით მე შესვენება მქონდა გამოცხადებული“.

„ნეტგაზეთი“ სამეწარმეო რეესტრში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე დაუკავშირდა HSE Service Group-ს; ჩვენ გვინდოდა, დირექტორისთვის, გიორგი ოჩიგავასთვის, გვეკითხა, ადასტურებს თუ არა ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას; იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მისი კომპანია მშრომელთა დაღუპვაზე, ასევე, გვინდოდა გაგვერკვია დამატებითი დეტალები. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. „ნეტგაზეთი“ მზადაა, მოისმინოს მისი/კომპანიის პოზიცია ამ საკითხზე.

„შეიძლება, ძალით გადაჭრეს თოკები“

კითხვაზე, მის მიერ დასახელებული გარემოებები, მისი აზრით, ათავისუფლებს თუ არა მშენებელ კომპანიას პასუხისმგებლობისგან, „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორმა ზაზა იჩქიტიძემ გვიპასუხა:

„განაჩენის გამოტანის უფლება არავის აქვს… პირდაპირ ხელი დაადო ვიღაცას, „ეს არის დამნაშავე“, ასე არ შეიძლება. მიმდინარეობს გამოძიება. არავინ იცის, რა მოხდა. შეიძლება, უცბად, გამოძიებამ დადო შედეგი, რომ ტროსი არის ძალით გადაჭრილი. არ ვიცით წინასწარ და ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით“…

იჩქიტიძემ გვითხრა, რომ იმ ბრიგადის ხელმძღვანელი, რომელშიც დაღუპულები მუშაობდნენ, ვასიკო გაგოშაშვილი იყო (ანუ ის იყო ბრიგადირი/„პრარაბი“). კითხვაზე, მისი აზრით, იკვეთება თუ არა გაგოშაშვილის პასუხისმგებლობა, მან გვითხრა: „მიმდინარეობს გამოძიება. ვისი დანაშაული გამოიკვეთება, როგორ გამოიკვეთება, იყო თუ არა დანაშაული, თვითონ მუშებმა არ დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები თუ ვიღაცამ ზედამხედველმა ვერ მიაქცია ყურადღება, გამოძიება დაადგენს“.

„ნეტგაზეთმა“ მშენებელი კომპანიის დირექტორს, ზაზა იჩქიტიძეს გაახსენა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმადაც დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობდა, რის შემდეგაც მან თქვა: „ის კაცი [დაღუპულები] რომ აწერს ხელს, ჩაგვიტარესო, როგორ გავიგოთ? ის გარდაცვლილია. ვინ ჰკითხავს მას? ვერანაირად ვერ დგინდება“.

რას ამბობს ბრიგადირი?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ვასიკო გაგოშაშვილს, ბრიგადირს. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი დაღუპული, შალვა (შაკო) ფუტკარაძე მისი ბიძაშვილის შვილი იყო.

გაგოშაშვილმა ჯერ გვითხრა, რომ არ იყო „პრარაბი“ და როგორც სხვები, „ჩვეულებრივად“ მუშაობდა ადგილზე: „ბრიგადირი და ახლა ის კი არ ვიყავი… იმას კი არ ნიშნავს. ვმუშაობდით ერთად. სამუშაოზე რომ ხარ, ვინც ცოტა მეტად იცის საქმე, ამისთანა ვიყავი, მეტი რა… უბრალოდ, რომ ჩათვალო, უფროსი ხელოსანი, ჯგუფის უფროსი ვიყავი“.

„მონოლით სითი“. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

„მონოლით სითის“ კომპლექსში — ერთ დიდ ეზოში — ხუთი ბლოკია: ერთი შვიდსართულიანია, ერთი — რვა, ერთი — თორმეტი, ორი კი 15-სართულიანი. გაგოშაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ 16 მარტს, გარდაცვალების დღეს, ხუჭუა და ფუტკარაძე უკანა, მაღალ, 15-სართულიან კორპუსზე მუშაობდნენ, ის — სხვაზე და ინციდენტს უშუალოდ არ შესწრებია.

„მანდ უსაფრთხოება იყო, დაცვა არის. რა შუაში ვარ. დილას მივედით, ყველა განაწილდა თავის საქმეზე, მეც გავნაწილდი სხვა კორპუსზე… არ ვიცი, რანაირად მოხდა, როგორ მოხდა“, — გვითხრა მან.

„შემოაპარეს უდანაშაულო კაცი“

დამსაქმებელი გარდაცვალების დღეს განვითარებული მოვლენების ასეთ ვერსიას ყვება: „იცით, რომ ის პიროვნება, ნოდარ ჩაკვეტაძე, ამათმა — ვეფხია ხუჭუამ და შალვა ფუტკარაძემ — შეაპარეს ობიექტზე შესვენების დროს, როგორც ვიზიტორი?“

იჩქიტიძის ვერსიით, მესამე დაღუპული, ნოდარ ჩაკვეტაძე იქ არ მუშაობდა, კომპანიას მასთან კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონია და იგი ნოდარ ხუჭუამ და შალვა ფუტკარაძემ „შემოაპარეს“ სამშენებლო მოედანზე:

„შემდეგში უნდოდათ ამ ადამიანის ბრიგადაში აყვანა და დაცვას უთხრეს, რომ ვიზიტორი იყო… როცა ვიზიტორი მიდის, ან პრარაბი [ბრიგადირი], ან პრარაბის თანაშემწე, ან რომელიმე კომპეტენტური მუშა აუცილებლად აცილებს, მიჰყავს, ელოდება, მოჰყავს და უშვებს. ეს შალვა ითვლებოდა მინი-ბრიგადირად. მას ჰქონდა უფლება, შეეყვანა… შესვენებაზე შეპარვით ჰყავდათ, როგორც ვიზიტორი. ჩაისვეს კალათაში ორივემ და სამი კაცი ავიდა და ეს აბსოლუტურად უდანაშაულო კაცი, საერთოდ არაფერში რომ არ ეწერა, იქ რომ არ უნდა ყოფილიყო, ასე გარდაიცვალა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ დამსაქმებელმა.

„გადაბრალების ჩვეული პრაქტიკა“

დამსაქმებლის ასეთი პოზიცია არ უკვირს ლელა გვიშიანს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) იურისტს, რომელიც ვეფხია ხუჭუას ოჯახის ადვოკატია. EMC წლებია, შრომის ბაზრის მკაცრ რეგულაციებს ლობირებს და მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებისთვის მუშაობს.

„რა თქმა უნდა, კომპანია ეცდება, რომ ყველაფერი დააბრალოს გარდაცვლილებს, რომლებსაც თავის დაცვის საშუალება უბრალოდ ფიზიკურად აღარ აქვთ. ეს არის ჩვეული მეთოდი, რასაც დამსაქმებლები მიმართავენ“, — გვეუბნება ლელა გვიშიანი.

ის ასევე მიუთითებს, რომ დასაქმებულებს უსაფრთხო გარემოში შრომის უფლება აქვთ და „ეს უფლება წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას, ადგილზე უზრუნველყოს უსაფრთხოება, როგორც უნდა, ისე: უნდა თვითონ ჰყავდეს დეპარტამენტი, უნდა კერძო კომპანია დაიქირავოს, უნდა კერძო პირი“. ამიტომაც, ძირითადი მოთხოვნები სწორედ დამსაქმებლის მიმართ გვაქვსო, ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება დამსაქმებლის ვერსიას, თითქოს მესამე დაღუპული არ მუშაობდა და იგი სხვებმა „შეაპარეს“, გვიშიანი პირველ რიგში მიუთითებს, რომ გამოძიება არ დასრულებულა და დაზუსტებით არ არის ცნობილი, რა მოხდა; მეორეც, — ამბობს იგი, — შესაძლოა ამ ნაწილშიც გამოიკვეთოს შემდეგი სახით დამსაქმებლის პასუხისმგებლობა:

„სამშენებლო მოედანზე ყველა პირი არ დაიშვება. თუ უსაფრთხოების შესაბამისი აღჭურვილობით არ უზრუნველყოფენ, სამუშაო ტერიტორიაზე ვერ შედის ვერავინ… იმდენი კონტროლი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე, რომ [მესამე პირის შეყვანის] შესაძლებლობა ფიზიკურად არ უნდა ჰქონდეთ დასაქმებულებს. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ადგილზე უნდა იყოს. უსაფრთხოების სამსახური ამას უნდა უზრუნველყოფდეს, ეს ხომ მხოლოდ ტექნიკის უსაფრთხოებას არ გულისხმობს, გულისხმობს სამშენებლო ობიექტის დაცვასაც, რათა იქ არ შევიდეს მესამე პირი, რომელსაც შეიძლება რაღაც ტიპის ზიანი მიადგეს. პირიქით, მაგ ნაწილშიც შეიძლება გამოიკვეთოს კომპანიის ბრალეულობა“, — გვითხრა ლელა გვიშიანმა.

„დირექტორია ერთი, თანამშრომელია 200“

„ნეტგაზეთმა“ „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორს, ზაზა იჩქიტიძეს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა კომპანიის ხელმძღვანელი პირის, ანუ მის შესაძლო პასუხისმგებლობაზე, რაზეც მან გვიპასუხა:

„მოდით, ასე ვთქვათ: სტალინის დროს დასრულდა კოლექტიური პასუხისმგებლობა. არ შეიძლება 500 კაცის კოლექტიური პასუხისმგებლობა დადგეს. არის პასუხისმგებლობა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის. სტალინის მერე ეს დამთავრდა… საბედნიეროდ, ჩვენი სასამართლო სისტემაც გამართულად მუშაობს, საგამომძიებლო ორგანოებიც ღიად და კანონიერად მუშაობენ და ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირადად მე“.

„გენერალური დირექტორი არის ერთი და თანამშრომელი არის 200. მე, ერთი კაცი, ამ ყველაფერს ვერ გავწვდები; არ შემიძლია იმის კონტროლი, ყველა ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას“.

მოგვიანებით, ინტერვიუს მიმდინარეობისას იჩქიტიძემ ასევე გვითხრა, რომ წასასვლელად განცხადება აქვს დაწერილი და  დაახლოებით თვე-ნახევარში გენერალური დირექტორის პოზიციას დატოვებს. „იმდენად დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომ დაწერილი მაქვს განცხადება, რომ ჩემი სურვილით დავტოვებ თანამდებობას“.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მას ან სხვა ჩამოთვლილ ადამიანებს დააკავებენ, გვიპასუხა: „თუ ერთი მაინც გაცოცხლდება, გავალ და ჩემი ფეხით მოვითხოვ, „ჩამსვით“ და დავჯდები და ვიქნები. თუ ერთი მაინც ამით გაცოცხლდება, ჩემი ფეხით მივალ. ვთხოვ, შევეხვეწები, ჩამსვით-მეთქი“…

„ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს“

როგორც იურისტი ლელა გვიშიანი განმარტავს, დასაქმებულებს აქვთ უსაფრთხო სამუშაო გარემოში შრომის უფლება, რაც შრომის კოდექსითა და სხვადასხვა ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული:

„ეს უფლება წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას, ადგილზე უზრუნველყოს უსაფრთხოება… ამიტომ, ძირითადი მოთხოვნები დამსაქმებლის მიმართ გვაქვს… სწორედ მას აქვს ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის უზრუნველყოფის ვალდებულება“. თუმცა გვიშიანის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ორივე კომპანიის სოლიდარულად პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

ნინო მჭედლიძეს კი გადაწყვეტილი აქვს, უკან არ დაიხიოს, იმის მიუხედავად, მიაღწევს თუ არა სასამართლო დავაში წარმატებას: „ჩემი შვილი როცა გაიზრდება, არ მინდა ისეთ სახლში გავზარდო, რომლის გამოც რაღაცას ვერ ვიტყვი. ამ შეურაცხყოფის შემდეგ მოლაპარაკებაზე რომ წავიდე, უნდა ჩავიგუბო პირში წყალი, არ ვთქვა, რაც მაწუხებს. ასე მირჩევნია, — თუნდაც ვერაფერი მივიღო, ბრძოლად მიღირს. არც ის შეიძლება, რაც ქვეყანაში ხდება — ამდენი ადამიანის სიკვდილი რომ ასე რჩება ამ ხალხს. ეს უნდა დასრულდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი