ახალი ამბები

“ნამახვანჰესის მშენებლობით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას “ტვიშს” – სომელიეთა ასოციაცია

9 დეკემბერი, 2020 • 1821
“ნამახვანჰესის მშენებლობით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას “ტვიშს” – სომელიეთა ასოციაცია

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სომელიეთა ასოციაცია აცხადებს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას “ტვიშს”. ამის მიზეზად ასოციაცია ჰესის მშენებლობის შედეგად მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებას ასახელებს და ითხოვს, გასაჯაროვდეს “ტვიშთან” დაკავშირებული კვლევა.

“საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, როგორც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებითა და პოპულარიზაციით დაინტერესებული ორგანიზაცია, ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აქვს ქართულ მეღვინეობაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშს“. ვთვლით, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან ქართულ აპელასიონს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეული მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებით.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იცოდეს მიკროკლიმატის რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად და რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ “ტვიშზე”.

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა იგეგმება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებს, ჟონეთსა და ტვიშს შორის, მდინარე რიონზე. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი