ახალი ამბები

თავი შეიკავეთ სასამართლოსა და საბჭოს ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისგან – გვრიტიშვილი

3 დეკემბერი, 2020 • 1657
თავი შეიკავეთ სასამართლოსა და საბჭოს ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისგან – გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა მის მიმართ 2 დეკემბერს გავრცელებულ ბრალდებას.

“როგორც ქალბატონ ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, ისე საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის და საბჭოს ავტორიტეტისათვის მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად ზიანის მიყენებისგან”, – წერს დიმიტრი გვირიტიშვილი.

საქმე ეხება 2 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოს დადგენილების პროექტის ფაილის აღწერაში გვრიტიშვილი დოკუმენტის ავტორადაა მითითებული. აღნიშნული დოკუმენტით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის წესი უნდა განისაზღვროს. ამ კონკურსში კი თავად გვირტიშვილი მონაწილეობს.

დოკუმენტის ავტორობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა. ჯანეზაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერდა, რომ ამ დოკუმენტის ავტორობით გვრიტიშვილი საკუთარ თავს და სხვა კანდიდატებს უწესებდა რეგულაციებს იმ გასაუბრებისთვის, რომელზეც თავადაც უნდა წარდგენილიყო. აღნიშნულ ტექსტს კი თან ერთვოდა დოკუმენტის ფოტოც:

აღნიშნული გარემოება ნეტგაზეთმაც გადაამოწმა და დოკუმენტის მონაცემებში შემქმნელად ნამდვილად დიმიტრი გვირიტშვილია მითითებული.

ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვრიტიშვილმა არ უარყო და განმარტა, რომ დადგენილების პროექტი იმ პროცედურის წესს განსაზღვრავდა, რომელშიც ის კანდიდატად არ მონაწილეობს.

“სავალდებულო ძალას წესი შეიძენს მხოლოდ საბჭოს მიერ საჯარო განხილვის შედეგად დამტკიცების შემთხვევაში. ამასთან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ პროექტი განსაზღვრავს ზოგად წესს, რომელიც საჯარო განხილვების შემდეგ დამტკიცების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პირველ რიგში იმ პროცედურაში, რომელშიც კანდიდატად არ ვმონაწილეობ.

ამდენად, თუ ქალბატონი ნაზიბროლა ჯანეზაშვილის მოსაზრებას გავიზიარებთ, გამოდის, რომ საბჭოს არცერთ წევრს აქვს უფლება,იმუშაოს პროექტზე, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა მას პოტენციურად შეეხოს. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ პარლამენტის მიერ ნორმატიული აქტის პროექტზე მუშაობის პროცესში, პროექტზე მუშაობის უფლება შეზღუდული უნდა ჰქონდეს პარლამენტის ნებისმიერ იმ წევრს, რომელსაც შესაძლოა პოტენციურად, სამომავლოდ შეეხოს კანონი, რაც, ბუნებრივია, აბსოლუტურად სცდება სამართლებრივი რეალობის ფარგლებს”, – წერს გვრიტიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გვრიტიშვილი დადგენილების პროექტის ზოგად კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში, ის მოაწესრიგებს “მძაფრი, ნეგატიური კომენტარების გაკეთებას, რომელიც საბჭოს წევრთა მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამორიცხვას და წინასწარ შექმნილი აზრის გამჟღავნებისგან თავის შეკავებას” შეეხება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 2 დეკემბერს, “ნეტგაზეთი” ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა. კონკრეტულად ამ ნაწილთან დაკავშირებით ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ “წინასწარ განწყობების გამოვლენა და გასაურებაზე მისი აფიშირება მიზანშეწონილი არ არის”, თუმცა ვერ ხედავდა დადგენილების პროექტში ამის ჩაწერის აუცილებლობას.

ამასთან, გვრიტიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილსა და “საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს” მოუწოდა, ერთობლივი ძალისხმევა “არსებითად ქმედითი ნაბიჯებისკენ” მიემართათ, როგორიცაა გამოქვეყნებული პროექტის შინაარსის გაუმჯობესება. გვრიტიშვილის თქმით, პროექტის გაუმჯობესების უფლებამოსილება და ვალდებულება საბჭოს წევრებს, მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილსაც აქვთ, “თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე (საბჭოს წევრობის მეოთხე წელს) მისგან [ჯანეზაშვილისგან] ვისმენთ მხოლოდ დაუსაბუთებელ კრიტიკასა თუ შენიშვნებს. არსობრივად კი რაიმე პროდუქტიული, თუნდაც პროექტის შექმნის ან წარმოდგენის თვალსაზრისით, მას არ განუხორციელებია”.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროში შეზღუდვა სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი