ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროში შეზღუდვა სურს

2 დეკემბერი, 2020 • 996
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროში შეზღუდვა სურს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურს, დროში ლიმიტირებული იყოს უზეანესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი.

შესამისი დადგენილების პროექტი საბჭომ უკვე მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატებსა და საბჭოს წევრებს შორის განსაზღვრული კითხვა-პასუხი მაქსიმუმ 45 წუთს შეიძლება გაგრძელდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი აზრით, ეს არის “მოსამართლეთა კლანის” კომფორტისთვის გადადგმული ნაბიჯი. ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი წესი, დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობას.

დადგენილების პროექტის მიხედვით:

“საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო – 30 წუთი. საბჭოს წევრის მიერ კანდიდატთან გასაუბრების დროის გაგრძელება დასაშვებია, საბჭოს წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დროის ნახევრისა – 15 წუთისა”.

გარდა ამისა, პროექტში ჩაიწერა, რომ მედიას ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას ექნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ კითხვა-პასუხის დროის შეზღუდვა კანდიდატებს მისცემს შესაძლებლობას, თავი აარიდონ არასასურველ კითხვებს, ამისთვის კი საკმარისი იქნება კონკრეტულ ერთ კითხვაზე პასუხები დროში მაქსმილაურად გაწელონ იქამდე, სანამ მათთვის დათმობილი დრო არ ამოიწურება.

“ძირითადად კანდიდატები მოქმედი მოსამართლეები არიან, რომლებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ ლავირება და შეუძლიათ, რომ ეს პროცესი მაქსიმუმ ერთი ან ორი შეკითხვითაც კი დამთავრდეს. ასევე პროექტში არ წერია, რომ მე შემიძლია პასუხის გაცემის პროცესში კანდიდატის გაჩერება”, – განმარტა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ამ დადგენილების პროექტს წინ უძღოდა 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრება, სადაც ჯანეზაშვილმა, საერთო ჯამში, ყველაზე მეტი, 1 384 კითხვა დასვა. ჯანეზაშვილის თქმით, კითხვების ამ რაოდენობამ ხელი შეუწყო როგორც თავად მას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჰქონოდა სასურველი ინფორმაცია, ასევე, საზოგადოებას დაანახა, თუ რა ღირებულებებისა და ცოდნის მატარებლები იქნებოდნენ უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები.

ჯანეზაშვილის განმარტებით, ეს არ აღმოჩნდა კომფორტული სასამართლოს “კლანისთვის” და დადგენილების პროექტში დროის შემცირების ჩაწერასაც სწორედ ეს საფუძველი აქვს.

“ამ დადგენილებით სურთ, რომ შეამცირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლებლობა, რომ დავსვათ კითხვები და გამოვავლინოთ ამა თუ იმ კანდიდატის შესაძლებლობები და ამით საზოგადოებას არაზუსტი და არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ”, – უთხრა ჯანეზაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ დადგენილების პროექტში ჩაწერილი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, “კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს კანდიდატის შესახებ წინასწარ შექმნილი განწყობის გამოვლენის გარეშე”, “კლანის” ერთგვარი მესიჯია, რომ კონკრეტულმა კანდიდატებმა კომფორტულად იგრძნონ თავი:

“წინასწარ განწყობების გამოვლენა და გასაურებაზე მისი აფიშირება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ამის ჩაწერა რა საჭირო იყო, ნამდვილად ვერ ვხვდები. ერთადერთი მიზანი აქვს ამას და ვკითხულობ “კლანის” მესიჯს, რომ კონკრეტულმა კანდიდატმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. მეც მიმაჩნია, რომ წინასწარი განწყობების გამოვლენა არ არის საჭირო, მაგრამ პროექტში ამის ჩაწერის აუცილებლობას უბრალოდ ვერ ვხვდები”, – განმარტა ჯანეზაშვილმა.

ასევე, დადგენილების პროექტში არის ჩანაწერი მედიის შესახებაც, კერძოდ წერია, რომ “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ვიდეო და ფოტოგადაღება დაიშვება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას”. ჯანეზაშვილის თქმით, მისთვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ მედიის შესახებ დადგენილების პროექტში არ არის უფრო მკაფიო განმარტება, კერძოდ ამ ჩანაწერიდან არ არის ცხადი, ექნება თუ არა მედიას იმის შესაძლებლობა, რომ გააშუქოს უშუალოდ განხილვის ნაწილი.

“აქ [დადგენილების პროექტში] საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ დასაწყის ეტაპზე შეეძლება მედიას კადრების გადაღება და არ არის საუბარი იმაზე, რომ მერე უნდა მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერი, ამიტომ მე არ ვიცი, როგორ მოხდება ეს.

რადგან პანდემიაა, სავარაუდოდ, მოსმენები ჩატარდება უზენაესი სასამართლოს დიდ დარბაზში იმისთვის, რომ საბჭოს წევრებს დისტანციურად დასხდომის საშუალება მიეცეთ და იქ ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიცაა გარეთ დამონტაჟებული მონიტორი, არ არის. უზრუნველყოფს თუ არა საბჭო ამ ტექნიკური საშუალებებით დარბაზის აღჭურვას, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია”, – განმარტა ჯანეზაშვილმა.

ასევე ჯანეზაშვილის თქმით, დადგენილების პროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ გამართულა და ეს პროექტი მხოლოდ ვებ გვერდზე გამოქყენების შემდეგ ნახა. მისი განმარტებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ ახალი რეგულაციების მიზანია გასაუბრების პროცესის “კლანისთვის” კომფორტულ გარემოში ჩატარება და საზოგადოებისთვის ნაკლები ინფორმაციის მიწოდება.

ამასთან, საბჭოს არამოსამართლე წევრი ფიქრობს, რომ აღნიშნული დადგენილების პროექტი დამტკიცდება, რადგან ის “კლანს” აწყობს და ამისთვის “კლანის” წევრებს საჭირო ხმათა რაოდენობა აქვთ, რომლის გარანტიაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნით მისცა. ჯანეზაშვილის მტკიცებით, ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავია, რომელიც, ჯანეზაშვილის თქმით, “კლანის” წევრია.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც დაუკავშირდა. საბჭოს განმარტებით, დადგენილების პროექტში კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი კონკრეტული დრო [30 წუთი+15 წუთი] პროცესის გონივრულ ვადებში წარმართვისთვის აისახა. კანდიდატების მოსმენის საჯაროობის შესახებ კი საბჭო განმარტავს, რომ ეს ორგანული კანონით არის უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება დადგენილების პროექტის ჩანაწერს, რომ “კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს კანდიდატის შესახებ წინასწარ შექმნილი განწყობის გამოვლენის გარეშე”, საბჭოს განმარტებით, ამის მიზანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფი განწყობა არ გამოავლინოს.

ასევე, “ნეტგაზეთმა” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იკითხა, თუ რატომ არ მიეცა ნაზი ჯანეზაშვილს დადგენილების პროექტის შექმნაში მონაწილოების მიღების შესაძლებლობა, რაზეც საბჭოში განმარტეს, რომ “აღნიშნულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა, როგორც წესი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაიმართება. იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრებს საშუალება ექნებათ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატონ, შემდეგ კი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ”. ასევე, საბჭოში განმარტეს, რომ “დადგენილების პროექტი, კანონის შესაბამისად, საჯაროობის უზრუნველსაყოფად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომის გამართვამდე ქვეყნდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი