ახალი ამბები

ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

4 დეკემბერი, 2020 • 4044
ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღდუდვების ფონზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. სახელმწიფომ კი მოსახლეობის დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ დასაქმებულები, თვითდასაქმებულებთა ნაწილი, რომელთაც 28 ნოემბრიდან მუშაობა შეეზღუდათ, და სოციალურად დაუცველი ოჯახები.

ამასთან, მოქალაქეების დახმარების მეოთხე ეტაპზე გათვალისწინებულია კომუნალური ხარჯების დაფარვა და საბანკო სესხების გადავადებაც. მთავრობის ინფორმაციით, მოქალაქეების ინდივიდუალური დახმარებისთვის 545 მილიონი ლარი გამოიყო, ბენეფიციართა საერთო რაოდენობა კი 500 ათას ადამიანზე მეტია.

მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, დახმარებების მიღების სქემა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • იმ ოჯახებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში 200კვტ ელექტროენერგიას ან 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარენ, სახელმწიფო კომუნალურ ხარჯებს დაუფარავს. ხარჯების დაფარვა მოხდება 4 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით.

როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ერთი თვის განმავლობაში 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, თუმცა ელექტროენერგიის თვიური მოხმარება 200 კვტ-ს გადასცდება, სახელმწიფო ბუნებრივი აირის ღირებულებას დაუფარავს, ელექტროენეგიის საფასურის დაფარვა კი სრულად ოჯახს მოუწევს.

  • ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც სამსახურს დროებით დაკარგავს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 200 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 იანვრიდან დაქირავებული პირების მიერ კომპანსაციის მიღების პირობები დადგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე.

ასევე, ამ დროისთვის უცნებია, როდის დაიწყება 200-ლარიანი დახმარების მსურველთა რეგისტრაცია.

  • იმ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც დეკემბერსა და იანვარში შეჩერდა, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული დახმარება ეკუთვნით ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა ბიზნესზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ. ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვერ მიიღებენ დახამრებას, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აღნიშნული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად.

ასევე, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განოხორციელების უფლება.

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ დაქირავებული პირებიც, ვინც 27 ნომებრის ჩათვლით იმ დამქირავებლის სასარგებლოდ ეწეოდნენ საქმიანობას, ვისაც 28 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდათ. ამასთან, დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ შეზღუდვების შემდეგ დაქირავებული პირები  დამქირავებლისგან ხელფასს არ იღებდნენ, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწვყვეტის ან შეჩერების გამო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 300- ლარიანი დახმარების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა საერალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

მაგალითად, 300-ლარიანი დახმარების მიღებას შეძლებენ არააგრარულ ბაზორბებზე მომუშავე პირები, თუმცა მათ შესახებ შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იმ ობიექტის მფლობელმა, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ.

დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება გუშინ, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი”, – განმარტებულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარებას ვერ მიიღებენ ის თვითდასაქმებულები, რომელთა საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით 28 ნოემბრიდან არ შეჩერებულა. მაგალითად, პირი, ვინც მუშაობდა ძიძად, ოჯახის დამხმარედ, მეყვავილედ და ა.შ. ასევე, დადგენილების მიხედვით, დახმარებას ვერ მიიღებენ პირები, ვინც უცხოეთში იყვნენ სამუშაოდ წასული, თუმცა ამჯერად საქართველოში ცხოვრობენ და შემოსავალი არ აქვთ.

  • 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები, 6 თვის განმავლობაში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, 100 ლარის ოდენობით მიიღებენ დახმარებას. მთავრობის დადგენილებით, ერთი წევრისგან შემდგარი ოჯახი თითოეულ თვეზე დახმარებას მიიღებს 70 ლარის ოდენობით, ორი წევრისგან შემდგარი ოჯახი- 90 ლარის ოდენობით. ორზე მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახს კი თითოეულ წევრზე დამატებით 35 ლარი დაერიცხება. მაგალითად: სამწევრიანი ოჯახი მიიღებს 105 ლარს, ოთხწევრიანი ოჯახი- 140 ლარს და ა.შ.
  • 0-დან 100 000 ქულამდე მყოფი ოჯახები, ვისაც სამი ან მეტი 16 წლამდე არასრუწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიური დახმარების სახით 100 ლარს მიიღებს 6 თვის განმავლობაში.
  • ასევე ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100- ლარიან დახმარებას მიიღებენ 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც.

აღნიშნული დახმარებები გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახები და პირები, რომლებიც უკვე არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა სიაში, დამატებითი პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ და თანხა პირდაპირ დაერიცხებათ ანგარიშზე. იმ ოჯახებმა/პირებმა, ვინც არ არიან აღრიცხული სოციალურად დაუცველთა სიაში, უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რის შემდეგაც შესაბამისი სოციალური ქულის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას შეძლებენ.

  • ასევე, იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა დეკემბრისა და იანვრის თვეში იზღუდება, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ. როგორც “ნეტგაზეტს” სახელმწიფო უწყებებში განუცხადეს, სესხის გადავადების მსურველებმა ინდივიდუალურად უნდა მიმართონ იმ ბანკებს, საიდანაც სესხი აქვთ გამოტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი