ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტთან: დააკავეს ორი აქტივისტი

28 ნოემბერი, 2020 • 1076
დაპირისპირება პარლამენტთან: დააკავეს ორი აქტივისტი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და სხვებმა პარლამენტთან სტენსილების დახატვა  სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 2 პირი დააკავა. პროტესტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას უკავშირდება.

ელენე ხოშტარიამ, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ და აქტივისტებმა, თავდაპირველად, სტენსილები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დატოვეს. მათ ადგილზე ნამგალი და ურო დახატეს.

მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დროებით აღმართულ რკინის ბარიკადებზე სცადეს ამავე შინაარსის სტენსილების დახატვა. ბარიკადებთან მალევე განლაგდნენ პოლიციელები და პროტესტის მონაწილეებს ხელი შეუშალეს.

ადგილზე მოხდა გაწევ-გამოწევაც, რა დროსაც, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

“[ეს არის] აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი “ქართული ოცნების” მხრიდან ფაქტობრივად გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ…. როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი.

აქ, დროებით კედელზე ვაწერთ “20%”, რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ახალი არაფერი არ არის. პროტესტს ვერ გააჩერებენ”, – უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

რაზე ისაუბრეს აბაშიძე-კარასინმა?

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს, გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, კარასინმა და აბაშიძემ ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებსა და სატრანსპორტო კავშირებზე.

“სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყება აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ პროტესტს მოსკოვი “ანტირუსულ პროვოკაციას” უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრაზე “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”.

თავად ზურა აბაშიძემ “ტვ იმედთან” საუბრისას აღნიშული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, “არანაირი “გავრილოვის ღამე” იქ განხილული არ ყოფილა”.

“რუსულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში რუსი ვიზიტორების ჩამოსასვლელად შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, იქნება უსაფრთხოების გარანტიები და შეწყდება „რუსოფობიური გამოხტომები“, შესაძლებელი იქნება ფრენების აღდგენის საკითხის განხილვა.

ჩვენი პასუხი შემდეგი იყო – ფრენების აღსადგენად ნამდვილად შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საჭირო, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს რუსი ვიზიტორებისთვის, არანაირი რუსოფობია რუსი ტურისტების მიმართ არ ყოფილა და ვერც ერთ მაგალითს ვერ დაასახელებთ”, – უთხრა აბაშიძემ “იმედს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი