ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა

27 ნოემბერი, 2020 • 1462
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს, გრიგორი კარასინს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. “მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, აღნიშნულ რეგიონებთან, ფაქტობრივად, შეწყვეტილია მიმოსვლა.

განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. ამ საკითხებზე უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს”,-წერია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისრაციის ცნობითვე, კარასინმა და აბაშიძემ ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერობებეზე. მხარეების განცხადებით, მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება პანდემიას უკავშირდება. ასევე საუბარი შეეხო საჰაერო მიმოსვლას, რომელიც  გასულ წელს რუსეთმა საქართველოსთან ცალმხრივად აკრძალა.

“სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია”,-წერია განცხადებაში.

აბაშიძე-კარასინმა ონლაინ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ლუგარის ლაბორატირიაზეც: “რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის, რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია.

ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით”,-წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი