ახალი ამბები

“ხმა ამოიღეთ, სირცხვილია!” – საგარეოსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება

27 ნოემბერი, 2020 • 712
“ხმა ამოიღეთ, სირცხვილია!” – საგარეოსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებს უწყებასთან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით: “SHAME”, “ხმა ამოიღეთ, სირცხვილია!”, “აქ უნდა ეხატოს სირაქლემა”, “შემდეგი იქნები შენ”.

აქციის მონაწილეებს შორის არიან სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

“ამ ორი მოქალაქის მკვლელობას ვუყურებთ მთელი საქართველო. თუ ამას წინ არ აღვუდექით, ეს დამთავრდება მათი გარდაცვალებით — არა მარტო ფიზიკური გარდაცვალებით, არამედ ჩვენი, თითოეული ადამიანის გარდაცვალებით, რადგან თუ საქართველოში გატარდა პოლიტპატიმრების ყოფნა, ნებისმიერი სახის თავისუფლება იქნება აკრძალული”, – განაცხადა “ლელოს” წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაცვის მხარეს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შორის 2016 წლის მიმოწერის შესახებ.

ივერი მელაშვილის ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, თითქმის ერთი თვეა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს მიმოწერას, მაგრამ შედეგოდ.

“ვითხოვ 2016 წელს კონტრდაზვერვასთან მიმოწერას, რომელიც უკავშირდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიებას ან მოკვლევას ამავე საქმეზე. კონტრდაზვერვაში რომ ეს საქმე შეისწავლეს და ვერაფერი ვერ ნახეს, ფაქტია, იმიტომ, რომ მას შემდეგ 5 წელია გასული. ეს ინფორმაცია გვაქვს და ამის გადამოწმებას ვცდილობთ და არ გვაძლევენ”, – ამბობს მარიკაშვილი.

აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინინისტროს წარმომადგენლებს, მიბაძონ საქართველოს ელჩს დანიაში გიგი გიგიაძეს და დააფიქსირონ პოზიცია მათი თანამშრომლის მიმართ უსამართლობაზე.

საქართველოს ელჩმა დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საჯაროდ და მისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდა.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ამავე თემაზე:

“უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა” – ზალკალიანი ელჩ გიგიაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი