„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს თავის განცხადებაში 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს აღნიშნავს.
ომის 16 წლისთავზე განცხადებები 8 აგვისტოს თბილისმა და მოსკოვმა გაავრცელეს — საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 7 აგვისტოს გამოეხმაურა.
რა მნიშვნელობა აქვს თარიღს?
ომის დაწყების თარიღი პირდაპირ კავშირშია დავასთან, თუ ვინ დაიწყო ომი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. იმის მიხედვით, რომელ მხარეს მიიჩნევენ კონფლიქტის ინიციატორად, ომის წლისთავს 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრაქტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აგვისტოს ომის წლისთავს წლების განმავლობაში 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს, რომ „თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“. ეს ნაწილობრივ მართალია — „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები როგორც 7, ისე 8 აგვისტოს იმართებოდა. ხელისუფლება ომის წლისთავს ტრადიციულად 8 აგვისტოს ეხმაურება. თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტრო — დიპლომატიური უწყება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც წესი, 7 აგვისტოს ავრცელებდა 2024 წლამდე.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით, 2024 წლის 8 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 15 წლისთავთან დაკავშირებით, 2023 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, 2022 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, 2021 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 2020 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 აგვისტო
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე, 2018 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, 2016 წლის 7 აგვისტო
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით, 2015 წლის 7 აგვისტო
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, 2013 წლის 7 აგვისტო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი განახლებულია და 2015 წლამდე მასალები არ იძებნება. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, როდესაც შესაძლოა, უწყებამ განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა, 2014 წელია, რადგან მედიაში ეს განცხადება 8 აგვისტოთი თარიღდება, თუმცა იმ განცხადების ტექსტშიც რუსული აგრესიის თარიღად დასახელებულია 7 აგვისტო.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე Facebook-ში იძებნება 2012 წლის 7 აგვისტოს განცხადება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აქვთ პასუხი „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუ რატომ გაავრცელა აგვისტოს ომის წლისთავზე უწყებამ განცხადება 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს და მის მიერვე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. ასევე, ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია წინა წლებში გამონაკლისი შემთხვევების შესახებ, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რაც ვერ მივიღეთ.
რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიერ გავრცელებული განცხადება წინამორბედებისგან განსხვავდება იმითაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექსტში თავი აარიდა ომის წლისთავის ზუსტი რიცხვის დასახელებას: „2024 წელს 16 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან“, — წერია განცხადებაში განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ომის წლისთავად ცალსახად 7 აგვისტო იყო აღნიშნული.
„16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
აგვისტოს ომის 16 წლისთავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აანონსებს შიდა გამოძიების ჩატარებას, სადაც თავად მოსარჩელე იქნება.
აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის თბილისის გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.