ახალი ამბები

როგორ (არ) განიხილეს საჩივრები – არჩევნები 2020

21 ნოემბერი, 2020 • 1234
როგორ (არ) განიხილეს საჩივრები – არჩევნები 2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მე-13 საარჩევნო ოლქის, მარნეულის 65-ე უბანზე ერთმა და იმავე პირმა არაერთგზის მისცა ხმა. დამკვირვებელმა ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა. გაყალბების თვალსაჩინო მტკიცებულების მიუხედავად, არც საოლქო საარჩევნო კომისიამ, არც ბოლნისის რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლოებმა აღნიშნული უბნის შედეგების გაბათილება საჭიროდ არ ჩათვალეს.

საოლქო კომისიამ დარღვევა დაადასტურა, თუმცა იმით შემოიფარგლა, რომ საარჩევნო ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას უბნის გადათვლა დაავალა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელმაც აღნიშნული დარღვევა გადაიღო და შემდეგ საოლქო კომისიასა და სასამართლოებში იდავა, მიიჩნევს, რომ ხმების გადათვლით შეუძლებელია, ამ ტიპის გაყალბების შედეგები აღმოიფხვრას.

პოლიტიკურმა სუბიექტებმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კენჭისყრის დღესა და შემდეგ პერიოდში 2 000-ზე მეტი საჩივარი დაწერეს, რომელთა უმრავლესობა საერთოდ განუხილველი დარჩა, ხოლო განხილულიდან, შედეგების ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნათა დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა.

დისბალანსი ოქმებში

დამკვირვებელების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა დისბალანსს შემაჯამებელ ოქმებში.

დისბალანსი, ძირითადად, შეიძლება იყოს ორგვარი: როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატება სიებში ამომრჩეველების ხელმოწერების რაოდენობას და პირიქით — როდესაც ყუთში იმაზე ნაკლები ბიულეტენია, ვიდრე უბანზე დაფიქსირებული ამომრჩეველი. ამ უკანასკნელს საარჩევნო ადმინისტრაცია ნაკლებად განიხილავს დარღვევად, ვინაიდან ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის წაღება გამორიცხული არ არის.

“დისბალანსი ნაკლებობით მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია ე.წ. სომხური კარუსელი დატრიალდა — გაიტანეს 1 ბიულეტენი და შემდეგ თითოეულ ამომრჩეველს ატანდნენ უკვე შემოხაზულ ბიულეტენს, იმას გამოჰქონდა ცარიელი და ა.შ. ზედმეტობა კი ბიულეტენების ჩაყრაზე მიანიშნებს”, – მიიჩნევს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი.

საარჩევნო ბლოკ “ენმ-ძალა ერთობაშიას”  წევრი თამარ კორძაია 7 ნოემბრისთვის ცესკოს მიერ ატვირთული ოქმების მონაცემებზე დაყრდნობით წერს:

“პროპორციული უბნების რაოდენობა, რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 4 025. პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 63 335. უბნებზე რომელშიც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633, რაც არის არჩევნებზე მოსული რაოდენობის 31%, ხოლო საქართველოში რეგისტრირებულ საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 17%. სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა მაჟორიტარულ შედეგებში. უბნების რაოდენობა, რომელშიც არ ჯდება ბალანსი, არის 2000. ამ მონაცემებში არ შეგვიყვანია ე.წ. კოვიდ უბნები. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტების რაოდენობა არის 13 125, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 81 931, ამ უბნებზე, რომელშიც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 1 124 544, რაც არის არჩევნებზე მოსული რაოდენობის 61%, ხოლო საქართველოში რეგისტრირებულ საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 31%”.

განსხვავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური სტატისტიკა.

ცესკოს ცნობით, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დისბალანსი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში, საერთო ჯამში დაფიქსირდა 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში, უმეტეს შემთხვევაში ეს იყო გამოწვეული ბიულეტენების ნაკლებობით და ცალკეულ შემთხვევებში — ბიულეტენების მეტობით.

რაც შეეხება ბიულეტენების ნაკლებობას მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში, საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული  ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლებიდან მაჟორიტარული ბიულეტენი ყველას არ გადაეცემა, რადგან მათ აქვთ განსხვავებული რეგისტრაციის ადგილი. ანუ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი ვერ მონაწილეობს მაჟორიტარულ არჩევნებში, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ იმყოფებიან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და პატიმრები (აღკვეთის ღონისძიება მძიმე, ნაკლებად მძიმე).

სპეციალურ სიებში მყოფი ამომრჩევლები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობენ მაჟორიტარულ არჩევნებში თუ ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. სპეციებში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურებიის და სპეციალური წოდების მქონე პირების ნაწილი არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში ვერ მონაწილეობს.

წლევანდელი არჩევნების კონტექსტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოვიდ-რისკ ჯგუფის ამომრჩევლებისთვის შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და ეს ამომრჩევლები შეყვანილ იქნენ სპეციალურ სიებში. შესაბამისად, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში მხოლოდ იმ ამომრჩევლებს შეეძლოთ ხმის მიცემა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი და განთავსების ადგილი ერთი და იგივე მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიას მოიცავდა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

ცესკომ ასევე განაახლა სტატისტიკა, სადაც ასახულია მონაცემები ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. სტატისტიკის თანახმად, პროპორციულ ნაწილში, არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ნაკლები ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 3 062 (0.15%).  ცესკოს მონაცემით, ეს პროცენტული მაჩვენებელი იგივეა, რაც იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას იყო, მცირედით ნაკლებია 2014 წლის და 2017 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან შედარებით და რადიკალურად განსხვავდება 2008 წლის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებისგან.

ცესკო ამბობს, რომ სტატისტიკას ბევრი დეტალის, მათ შორის, საჩივრების გათვალისწინებით ადგენს და ვერ შეაფასებს, რატომ განსხვავდება ოფიციალური სტატისტიკა ოპოზიციური პარტიების მონაცემებისგან.

ეს არის ინფორმაციით მანიპულაცია – ISFED ცესკოს სტატისტიკაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს არ ენდობა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია” (ISFED).

“ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არის ინფორმაციით მანიპულაცია. ჯერ ერთი, წლების მიხედვით თუ რიცხვებს ვადარებთ, მაშინ უნდა შედარდეს კანონმდებლობა, როგორი რეგულაციები იყო, როგორ მოხდა ამ სტატისტიკის დათვლა მაშინ და როგორ ხდება ახლა. ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სტატისტიკა, რაც გამოქვეყნდა წლევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, შესწორების ოქმების მიხედვით არის გამოქვეყნებული, რაც საერთოდ აზრს უკარგავს სტატისტიკას, იმიტომ რომ ყველაფერი თუ გასწორდა შესწორების ოქმებით, ყველა არჩევნებზე იდეალური სურათი იქნება”, – ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

მეორე მიზეზი, რის გამოც სტატისტიკა რეალურ სურათს არ იძლევა, ელენე ნიჟარაძის თქმით, გაუხსენელი და გადაუმოწმებელი უბნებია.

თავად “სამართლიანი არჩევნების” ცნობით, გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. ISFED ამბობს, რომ ასეთი მასშტაბი ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამ ტენდენციას შესაძლოა, 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა შედეგებზე.

საჩივრები

როგორც წესი, საუბნო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ზემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრდება, საოლქოსი კი — ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დავის კიდევ ერთი გზაა სასამართლო. ყველა ამ საფეხურზე შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნათა უმრავლესობა დაუკმაყოფილებელი დარჩა.

სამი ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების (აქ არ შედის კენჭისყრის დღეს პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები)განხილვის სტატისტიკა  საოლქო საარჩევნო კომისიებში ასეთია:   

ეს სტატისტიკა შედგენილია ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით. 

ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივრებთან დაკავშირებით დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს — უმეტესად თავმჯდომარესა და მდივანს — დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ შენიშვნის სახით, ხოლო შედეგების გადათვლის მოთხოვნის ნაწილი სრულიად უარყოფილი იყო.

ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2 092 საჩივარი შევიდა. კენჭისყრის დღეს საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის შემდგომ — საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა ან საერთოდ განუხილველი დარჩა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 633 საჩივრიდან:

  • დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 178
  • არ დაკმაყოფილდა – 311
  • სამართლებრივად არასწორად წარდგენილად ჩაითვალა და განუხილველი დარჩა – 141
  • რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა – 1
  • წარმდგენმა ორგანიზაციამ გაითხოვა – 2

საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ 1 459 საჩივრებიდან:

  • დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 94
  • არ დაკმაყოფილდა – 387
  • სამართლებრივად არასწორად წარდგენილად ჩაითვალა და განუხილველი დარჩა – 975
  • რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა – 1
  • წარმდგენმა ორგანიზაციამ გაითხოვა – 2

საერთო ჯამში, საოლქო სააჩევნო კომისიებმა სამართლებრივად არასწორად ჩათვალეს და განუხილველი დატოვეს 1 116 საჩივარი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჩივრების წარდგენა შეუძლია როგორც საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაცია, ისე საარჩევნო სუბიექტს და მათ წარმომადგენლებს. საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრების განუხილველად დატოვებას იმით ხსნის, რომ ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი. ადგილობრივი დამკვირვებლები კი ამბობენ, ერთი მხრივ, პრობლემურია კანონმდებლობა და მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა კანონის არასწორ ინტერპრეტირებას, როცა საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობა სახელდებოდა მაშინ, როცა საჩივრის შეტანის მომენტში დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ.

“ჩვენ მთელი საქართველს მასშტაბით აბსოლუტურად იდენტური სტანდარტით შევიტანეთ საჩივრები. 12-მა ოლქმა განიხილა ეს საჩივრები არ ჩაუთვლია, რომ არაუფლებამოსილი პირს ჰქონდა შემოტანილი, 8 ოლქმა ჩათვალა, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი. ისმის კითხვა, იმ 12-მა ოლქმა მაშინ კანონი დაარღვია?”, – კითხულობს “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” იურისტი თამთა კახიძე.

საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია, საკუთარი ინიციატივითაც შეამოწმოს ბიულეტენების დათვლის სიზუსტე (რაც რამდენიმე შემთხვევაში გამოიყენა). კახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება რომ ყოფილიყო მიზანი, საოლქო საარჩევნო კომისიებს საკუთარი ინიციატივით უნდა გადაეთვალათ ის უბნები, რომლებზეც საჩივრები დაიწერა.

“თუ მიზანი არის, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს და არა ფორმალური მიდგომა, თვითონ მათ ინტერესში უნდა ყოფილიყო, გაეხსნათ და გადაემოწმებინათ უბნები”, – ამბობს იგი.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები ცესკოში გაასაჩივრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (დიდუბის ოლქის შედეგები) და პოლიტიკურმა სუბიექტებმა: ენმ, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “სამართლიანობისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ენმ-მა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 საარჩევნო ოლქში პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმები გაასაჩივრა, ხოლო “ევროპული საქართველო” 30-ივე ოლქის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვდა, ვინაიდან, პარტიის შეფასებით, ხმების გადათვლა პრობლემას არ აგვარებდა.

“ყველაზე დიდი დარღვევა, რასაც ვასაჩივრებთ, ეს არის ის, რომ საერთოდ განუხილველად დაგვიტოვეს ყველა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შეუძლებელია, შემაჯამებელი ოქმები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას იმ საჩივრების განხილვის გარეშე, რაც ჩვენ წარვადგინეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში”, – აცხადებდა “რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია.

13 ნოემბრის სხდომაზე ცესკომ 110 საჩივარი ერთ საკითხად გააერთიანა და არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.

ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

პროცესები სასამართლოში

რაც შეეხება საერთო სასამართლოებში განვითარებულ პროცესებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რაიონულმა სასამართლოებმა — სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა 100% არ დაუკმაყოფილა. საია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა. ISFED-მა კი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით სასამართლოებში ჯამში 19 სარჩელი წარადგინა, რითაც 33 საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ან საჩივრის განუხილვევლად დატოვების გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც:

  • საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი.
  • აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება.
  • საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16%-ზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი.
  • სარჩელების 37%-ზე მეტი შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას და რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა.

პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ინსტანციის საქალაქოს სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. 18 ნოემბრის სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ, იმ მოტივით, რომ საჩივრები ძირითადად ერთმანეთის მსგავსი იყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გააერთიანა ხუთი ოპოზიციური პარტიის — ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლეობორისტული პარტია” “პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძის “ერთიანი საქართველო” — საჩივარი და ერთ საქმედ განიხილა. სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“დარღვევების მასშტაბების სრულ სურათს ვერ ვხედავთ”…

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციამ და ვერც სასამართლომ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა.

“შეზღუდული დროიდან და რესურსებიდან გამომდინარე, იმაზე ნაკლები საჩივრები გვქონდა წარდგენილი, ვიდრე პრობლემები არსებობდა და აქედანაც კი მიზერული რაოდენობის უბნების გადათვლა მოხდა, რაც რეალურად სურათს არ ცვლის და არანაირ წარმოდგენას არ ქმნის, რა მასშტაბის პრობლემა იყო მთლიანად. სამწუხაროდ, ვთვლით, რომ საჩივრების განხილვის პროცესი არათუ დამაკმაყოფილებელი იყო, ძალიან უარყოფითად წარიმართა”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, როდესაც შემაჯამებელ ოქმში დაშვებული ნებისმიერი სახის დარღვევა, განურჩევლად მისი სიმძიმისა, საოლქო კომისიებში შესწორების ოქმებისა და საუბნო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე სწორდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ შესწორების ოქმების დიდი ნაწილი საუბნო კომისიის წევრთა ზეპირ ან წერილობით განმარტებას ეყრდნობოდა და შესწორების ოქმებში შესატანი რიცხვების დასაზუსტებლად, საოლქო კომისიას დალუქული პაკეტები არ გაუხსნია, დამკვირვებლები ამ პროცესს სრულიად სუბიექტურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ შესწორების ოქმი დიდი დისბალანსის მქონე უბნებზე რეალურად ხარვეზს არ ასწორებს.

“საერთოდ აზრი ეკარგება არათუ საჩივრების წარდგენას, არამედ არჩევნების მონიტორინგს, იმიტომ რომ, რაც არ უნდა სერიოზული პრობლემა იყოს, შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაცია დადგეს და ნებისმიერი პრობლემა შესწორების ოქმების და ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაასწოროს. გასაგებია ერთი მხრივ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და უნდა დაწეროს ამაზე ახსნა- განმარტება და შედგეს შესწორების ოქმი, მაგრამ იგი ობიექტურ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და სუბიექტური დოკუმენტს არ შეიძლება, დაეყრდნოს არჩევნების შედეგების შეჯამება და პარტიების და კანდიდატების მიერ მიღებული ხმების განსაზღვრა”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

იმის გამო, რომ უბნების უმრავლესობა, სადაც საჩივრები დაიწერა, არ გადაუთვლიათ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უჭირთ შეფასება, მთლიანობაში რა მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა აგდილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და შედეგების რა პროცენტზე შეეძლო ამ დარღვევებს გავლენის მოხდენა.

“ბუნებრივია, არ ვიცით, რა მოხდებოდა იმ უბნებზე, რომლებზეც საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შედეგი რა იქნებდა და რა გავლენას მოახდენდა გადათვლა კანიდატებისთვის მიცემულ ხმებზე და პროცენტულად რა ცვლილებებს გამოიწვევდა, ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელია”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საია-ს წარმომადგენელი.

ამავე პოზიციას იზიარებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

“გადათვლების გარეშე, როცა ობიექტურად შეუძლებელია შეისწავლო, რამ გამოიწვია პრობლემა, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გასცემ კითხვას, რა პრობლემას ჰქონდა ადგილი და რამდენად მართლა ტექნიკური ხასიათის დარღვევა იყო თუ უფრო სერიოზული”, – ამბობს ნიჟარაძე.

“ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ სურათს”, – დასძენს “საერთაშროისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი თამთა კახაძე.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/312102/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი