პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ინფორმაციით, რუსი კარიკატურისტის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტუსკი წერს, რომ პოლონეთის სამართალდამცველები მუშაობენ მკვლელობის შემკვეთის დასადგენად.
“ლუბლინის პოლიციამ და ABW-მ (პოლონეთის უსაფრთხოების პოლიცია) დააკავა პოდლასკში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. მას ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შემკვეთის დასადგენად”, – წერს ტუსკი.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაუკავშირდნენ თუ არა პოლონელი სამართალდამცველები ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლეს თუ არა საქართველოს მოქალაქის დაკავების პროცესში. შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
კრემლისა და პუტინის კრიტიკოსი ხელოვანი, სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს მოკლეს. 44 წლის კარიკატურისტს 5 ტყვია ესროლეს. ინციდენტი პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში, ბელორუსიის საელჩოდან ნახევარ კილომეტრში მოხდა. თავად ეს ქალაქიც ბელორუსის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
მომხდარიდან მალევე პოლონეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი – 33 წლის და 37 წლის ბელორუსის მოქალაქეები. თუმცა მათი როლი სკრეპეცკის მკვლელობაში ჯერ დადასტურებული არ არის.
სემიონ სკრეპეცკის ნამდვილი სახელია რობერტ კუზოვკოვი. ის ცნობილი გახდა პოლიტიკოსების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის კარიკატურებით.
