ახალი ამბები

ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

13 ნოემბერი, 2020 • 1202
ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

ცესკოს შენობასთან, სადაც ამჟამად სხდომა მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ცესკოს ეზოში ქაღალდებს ისვრიან, რომლებზეც “ქვა” აწერია.

ცესკოსთან შეკრებილი ადამიანების თქმით, ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ის დაასახელეს, რომ აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ.

გარდა ამისა, ცესკოსთან შეკრებილები “არჩევნების გაყალებებასა” და ცესკოში  მიმდინარე სხდომის მიმართ გამოთქვამენ პროტესტს, სადაც დღის წესრიგით, დღეს უნდა შედგეს საპარლამენტო არჩევნების შემაჯემებელი ოქმები.

კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკოს სხდომაზე უნდა შეჯამდეს.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ცესკო ადამიანებს საჩივრების განხილვის სამართლებრივ გზას არ უტოვებს და უბიძგებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამება აკრძალული აქვს საერთო სასამრთლოებში არსებული შესაბამისი დავების დასრულებამდე.

“დღეს რას გვეუბნება ცესკო? — არც თქვენს საჩივრებს ვიხილავ ადგილზე და არც იმას დაველოდები, რომ სასამართლოში გაასაჩივრებ ამას, ისე აჯამებს ამ შემაჯამებელ ოქმებს. ამაზე მეტი კანონდარღვევა რა უნდა იყოს?”— განაცხადა კორძაიამ “მთავარ არხთან”.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების დანიშვნისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნით აქციებს მართავს.

არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 12 ნოემბერს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ელჩების მედიაციით, პირველად შედგა შეხვედრა, რომელიც უფრო “მოთელივით” ხასიათს ატარებდა და ჯერჯერობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ მხარეებს შორის პოზიციებში რადიკალური სხვაობა არსებობს, ჩაინიშნა დიალოგის მომდევნო რაუნდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი