ახალი ამბები

სააპელაციომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერი, 2020 • 867
სააპელაციომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების საჩივრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთნ დაკავშირებით.

5 პოლიტიკური პარტია — ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლეობორისტული პარტია” “პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძის “ერთიანი საქართველო” — პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციოში გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ, იმ მოტივით, რომ საჩივრები ძირითადად ერთმანეთის მსგავსი იყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გააერთიანა ხუთი ოპოზიციური პარტიის საჩივარი და ერთ საქმედ განიხილა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარ განჭვრიტა, თუ რას იზამდა თბილისის საქალაქო სასამართლო და შემდგომ, სააპელაციო სასამართლო. კომისიის წევრები სხდომაზე ცინიკურად ამბობდნენ, რომ აი, წაიღეთ სასამართლოში და ნახეთ, რა იქნება, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ შედეგი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ და მოქალაქეთა არჩევანს შემაჯამებელ ოქმში უნდა ასახავდნენ და რომლებიც საარჩევნო კოდექსის თანახმად უნდა განიხილავდნენ დავებს, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით არიან დაკავებულები. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა გავიარეთ და ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. კონსტიტუციის ფარგლებში მივმართავთ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას “ლეიბორისტული პარტია”.

“ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ცესკომ ისე შეაჯამა და გამოიყვანა შემაჯამებელი ოქმი, რომ არ დაელოდა არაერთ გასაჩივრებულ საოლქო შემაჯამებელ ოქმს. “ლეიბორისტული პარტია” აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და წარვადგენთ ყველა იმ ვიდეო და აუდიომასალას, რომელიც გაყალბებას შეეხება”, – განაცხადა ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი