ახალი ამბები

შედეგების გადასინჯვაზე სარჩელების 16%-ზე მეტი დაკმაყოფილდა – იუსტიციის საბჭო

12 ნოემბერი, 2020 • 897
შედეგების გადასინჯვაზე სარჩელების 16%-ზე მეტი დაკმაყოფილდა – იუსტიციის საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, სიცრუეა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის თანახმადაც:

  • საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი.
  • აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება.
  • სასამართლოს მიერ საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16%-ზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი.
  • სარჩელების დანარჩენი ნაწილი კი (სარჩელების საერთო რაოდენობის 37%-ზე მეტი), შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას და რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩვენების შედეგებით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს მოუწოდებს, რომ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება.

პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი საჩივრების უმრავლესობა განუხილველი დატოვა, ხოლო განხილული საჩივრების დიდი ნაწილი არ დააკმაყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების ნაწილი სასამართლოში გასაჩივრდა.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“.

“სასამართლოებმა დაასრულეს იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ იქნა დაკმაყოფილებული”, – განაცხადა კაპანაძემ.

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე საია სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი