ახალი ამბები

ბუშმა არაფერი იღონა საქართველოში შეჭრისთვის რუსეთის დასასჯელად – ბარაკ ობამა

19 ნოემბერი, 2020 • 1873
ბუშმა არაფერი იღონა საქართველოში შეჭრისთვის რუსეთის დასასჯელად –  ბარაკ ობამა

ამერიკის რიგით 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკუთარ წიგნში, სადაც პრეზიდენტობის დროს მომხდარ მოვლენების იხსენებს, საუბრობს ორ ძირითად ეპიზოდზე – G20-ისა და NATO-ს სამიტებზე საქართველოს საკითხის მონაწილეობით, უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიის შესახებ. წიგნს “Promised Land” [აღთქმული მიწა] ეწოდება და წელს გამოვიდა.

როგორც ბარაკ ობამა საკუთარ წიგნში აღწერს, G20-ის ვაშინგტონის სამიტის დროს, რუსეთის იმდროინდელ ლიდერს დმიტრი მედვედევს ესაუბრა და დაგმო რუსეთის ძალების საქართველოში შეჭრა. ობამა, ამავდროულად ბუშის, ადმინისტრაციას აკრიტიკებს, რადგან “მათ არაფერი იღონეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად”.

“ჩვენთვის ეს [საქართველოში აგრესია] იყო ნიშანი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პუტინის მიერ სხვა ერების სუვერენიტეტის შემაშფოთებელ უპატივცემულობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას. ბევრი თვალსაზრისით რუსეთს ეს შერჩა. გარდა დიპლომატიური ზეწოლისა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა, რათა დაესაჯა რუსეთი განხორციელებული აგრესიის გამო. დანარჩენმა მსოფლიომაც მხრები აიჩეჩა. ნებისმიერი დაგვიანებული ძალისხმევა, რუსეთის იზოლაცია რომ მოეხდინათ, პრაქტიკულად კრახით დასრულდა. ჩემი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ შევძლებდით რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვის” ინიცირებას, დავიწყებდით დიალოგს, რათა დაგვეცვა ჩვენი ინტერესები, დავხმარებოდით ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა/კავკასია] და გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა ბირთვული გაუვრცელებლობისა და შეიარაღების განადგურების მიმართულებით”, – იხსენებს ბარაკ ობამა.

“მე გავხსენი დისკუსია რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის შესახებ საუბრით. როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მჭიდროდ დარჩა ოფიციალური საუბრის ჭრილში. მან დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა კრიზისის დაჩქარებაში და განაცხადა, რომ რუსეთი მოიქცა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვის მოტივით. მან უარყო ჩემი არგუმენტი, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს და ნიშნის მოგებით თქვა, რომ განსხვავებით ამერიკული ძალების ერაყში ყოფნისა, რუსულ ძალები მიიღეს როგორც განმათავისუფლებლები. ამის მოსმენისას გამახსენდა დისიდენტი მწერლის, ალექსანდრე სოლჟენიცინის ნათქვამი პოლიტიკის შესახებ საბჭოთა კავშირის დროს, – ტყუილი გახდა არა მხოლოდ მორალური კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი ბოძიც”, – იხსენებს ბარაკ ობამა.

ობამა იხსენებს NATO-ს 2009 წლის სამიტსაც, რომელიც გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენსა და საფრანგეთში, სტრასბურგში გაიმართა, რა დროსაც აღმოსავლეთ და ცენტრალურმა ევროპულმა სახელმწიფოებმა გააკრიტიკეს ბუშის ადმინისტრაციის ძალისხმევა დაეცვათ საქართველო რუსული აგრესიისაგან.

“სამიტზე ჩვენ შევძელით მოგვეპოვებუნა მხარდაჭერა ჩვენი ავღანეთ-პაკისტანის სტრატეგიისათვის, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მიერ ხაზგასმა იმაზე, რომ მათი საზოგადოებები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ სამხედრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ერაყში ინტერვენციით იყო გამოწვეული, და რაოდენ ძნელი იქნებოდა მხარდაჭერის მოპოვება დამატებითი ძალების გასაგზავნად. NATO-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ლიდერები ასევე ნერვიულობდნენ ბუშის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობის შესახებ გაკეთებულ რეაქციაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, შეეძლო თუ არა ალიანსს დაიცვა ისინი რუსეთის მსგავსი აგრესიის შემთხვევაში. მათ ჰქონდათ ამის მიზეზი. სამიტამდე ჩვენ მივხვდით, რომ NATO-ს არ გააჩნდა შესაბამისი გეგმები ან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები, რათა დაეცვა ყველა მოკავშირე. ეს იყო კიდევ ერთი მაგალით ბინძური პატარა საუდუმლოსი, რომელიც მე აღმოვაჩინე პრეზიდენტად ყოფნის დროს”, – ამბობს საკუთარ წიგნში ბარაკ ობამა.


აგვისტოს ომის დროს, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდა  დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამა, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან -ჯონ მაკკეინი. ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაცია მართავდა. რუსეთის განცხადებით, სამხედრო აგრესია განხორციელდა საკუთარი მოქალაქეებისა და ოსური მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მოტივით, თუმცა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყანაში შეჭრით დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი