ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოცმუშაკი სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური გადაუხადონ – სოცმუშაკების გაერთიანება

17 ნოემბერი, 2020 • 856
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოცმუშაკი სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური გადაუხადონ – სოცმუშაკების გაერთიანება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება ცნო უკანონოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალური მუშაკი თეა მაღრაძე “სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ” სამსახურში უნდა აღადგინოს და განაცდური გადაუხადოს.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, 2020 წლის 28 ოქტომბერს სასამართლომ კიდევ ერთი სოცმუშაკის გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გათავისუფლებულ სოციალური მუშაკისთვის 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა სამასხურში აღდგენაზე უარი ეთქვა მისი პოზიციის ახალი სოციალური მუშაკით შევსების გამო.

2020 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ათობით სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს სამსახურიდან. გათავისუფლებული სოციალური მუშაკების თქმით, მათ გათავისუფლების შესახებ წერილი ამავე წლის 29 იავარს მიუვიდათ, მანამდე კი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მათთვის არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუწოდებია.

ჯანდაცვის სამინისტრო მაშინ განმარტავდა, რომ სოციალური მუშაკების გათავისუფლება სოციალური სააგენტოს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რაც მეურვეობისა და მზურველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებს შეეხებოდა. ეს ფუნქციები საჯარო სამართლის იურიდულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა აქციებითაც გააპროტესტეს და სასამართლოსაც მიმართეს.

18 სექტემბერს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” 2020 წლის 29 იანვარს გათავისუფლებული სოცმუშაკების ნაცვლად ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნას სასამართლო დავის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი