ახალი ამბები

გათავისუფლებულ სოცმუშაკებს სასამართლოს დასრულებამდე განუსაზღვრელი ვადით ვერ ჩაანაცვლებენ – საია

18 სექტემბერი, 2020 • 811
გათავისუფლებულ სოცმუშაკებს სასამართლოს დასრულებამდე განუსაზღვრელი ვადით ვერ ჩაანაცვლებენ – საია

“სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” 2020 წლის 29 იანვარს გათავისუფლებული სოცმუშაკების ნაცვლად ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნას სასამართლო დავის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკთა უფლებებს სწორედ საია იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ მოპასუხე სააგენტოს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამისი ვაკანტური პოზიციების ახალი კადრებით შევსება.

“ამ გადაწყვეტილებით სოციალურ მუშაკებს ეძლევათ გარანტია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამსახურში აღადგენენ”, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რის გამოც გათავისუფლებული კადრების ჩანაცვლების რეალური საფრთხე არსებობდა. ასეთ შემთხვევაში კი, დავის წარმატების დასრულების მიუხედავად, სოცმუშაკებს სამსახურში აღდგენა გაუჭირდებოდათ.

საიას ინფორმაციით, სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოითხოვეს სასამართლოს მეშვეობით სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც სააგენტოს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების აღსადგენ პოზიციებზე სხვა თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა აეკრძალებოდათ.

საიას ცნობით, პირველ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა:

“სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტოლფას სამუშაოზე აღდგენამ ან კომპენსაციის განსაზღვრამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს სრულად და ეფექტიანად მოსარჩელეთა დარღვეული უფლების რეალიზაცია. ასევე, თუ მოპასუხეს არ შეეზღუდა სადავო ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა, შესაძლოა შეუძლებელი გახდეს მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა, ხოლო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია ვერ ჩაანაცვლებს მათ შრომით უფლებას, ჰქონდეთ სამსახური შესაბამისი ანაზღაურებით”, – წერია საიას 18 სექტემბრის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა, რაც ნიშნავს, რომ სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრს აეკრძალა უფროსი სოციალური მუშაკისა და სოციალური მუშაკის 2 თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის განუსაზღვრელი ვადით დანიშვა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საიას კიდევ ერთ საქმეზე ქუთაისის სასამართლომაც მიიღო. სასამართლომ სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრს აუკრძალა ქუთაისის სოციალური მუშაკის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება და აღნიშნულ პოზიციაზე უვადოდ სხვა პირის დანიშვნა.

რა (არ) შეიცვალა სოციალური მუშაკების გაფიცვიდან ერთი წლის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი