სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკის პოსტის გამო, რომელშიც ის ყარაბაღში მებრძოლებს მოუწოდებდა, ერევანში ანტისახელისუფლებო მოძრაობის წარმომადგენელთა საკითხის გადაეწყვიტათ, დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ, ზოგიერთმა მათგანმა კი პოსტი დატოვა.
სომხური მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა გაიანე აბრამიანმა. ასევე, ფრაქცია დატოვა დეპუტატმა თათუი თოვმასიანმა.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ და გამოასწორონ საკუთარი შეცდომები, დიალოგის საშუალებით განმუხტონ სიტუაცია და ქვეყანაში დაძაბულობა, პირიქით, ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც სახელმწიფოს საფუძვლებს არყევს. სხვა დეტალებზე ეროვნული კრების ტრიბუნიდან ვისაუბრებ”, – დაწერა ფეისბუკზე თოვმასიანმა.
ფაშინიანის ფეისბუკის პოსტის გამო, ასევე ტოვებს თანამდებობას პარტია”სამოქალაქო შეთანხმების” წევრი, სომხეთის ვიცე-პრემიერის, ტიგრან ავინიანის ოფისის ხელმძღვანელი ვარაგ სისერიანი.
15 ნოემბერს პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა: “დღეს ვნახე ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამხედროების ათულობით ვიდეო. შეძრული ვარ ბიჭების სიღრმისეული აზროვნებით. ბიჭებო, მართალი ხართ. გელოდებით ერევანში, რათა საბოლოოდ გადავწყვიტოთ კარს მომდგარ უბადრუკთა საკითხები. ვამაყობ თქვენით”.
შესაბამისად, ფაშინიანის ფეისბუკ-პოსტი დეპუტატებისთვის სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის მოწოდებად იყო აღქმული.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლები ამუნათებდნენ ჯერ მათ, ვინც მთავრობის სახლში შეიჭრა და პარლამენტის სპიკერი სცემა, შემდეგ კი, ანტისახელისუფლებო მიტინგების ორგანიზატორებს.
დღეს, 16 ნოემბერს, მედიასთან საუბარში ფაშინიანი შეეცადა თავი ემართლებინა საკუთარი პოსტის გამო და განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად, მანიპულაციურად იყო აღქმული – ხელისუფლება ემიჯნება ძალადობას და იმავეს მოუწოდებს ოპოზიციასაც.
ყარაბაღში 45- დღიანი ომის შემდეგ, 10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეებმა და რუსეთმა ხელი მოეწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.
შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო არეულობა — პარლამენტი და მთავრობის კანცელარია დაარბიეს, პარლამენტის თავმჯდომარეს სასტიკად გაუსწორდნენ — და საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.