ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

13 ნოემბერი, 2020 • 971
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ფედერაციის კანცელარიაში ჩაფუშული ბურთისა და ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” დატოვებას გეგმავდნენ, რაც “მორალისგან დაცლილი ხელისუფლებისა” და უთანასწორობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის შედეგად დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი.

ფეხბურთის ფედერაციასთან მოქალაქეები აპროტესტებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას გუშინდელ მატჩზე, რომელიც პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

“როგორც” ნეტგაზეთს” ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით იგეგმება კომენტარის გაკეთება.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა, ეპიდვითარების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თამაშს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ამ ინფორმაციას მედიასაშუალებებიც ავრცელებენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად, 22:00 საათიდან მოქმედებდა მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00-დან 5:00-საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს და გამონაკლისს უშვებს მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალური საშვების მინიჭებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ქვეყნებს უფლება მისცა სტადიონებზე ადგილების საერთო ტევადობის 30%-ზე დაესვათ ქომაგები, თუმცა გადაწყვეტილება თავას მასპინძელ ქვეყნებს უნდა მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი