ახალი ამბები

უხეში შეცდომა იყო დაშვებული… ამას ვეღარაფერს ვუშველით — კობიაშვილი

22 ნოემბერი, 2023 • 1815
უხეში შეცდომა იყო დაშვებული… ამას ვეღარაფერს ვუშველით — კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის ვერ არიდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაშვებული იყო „ძალიან დიდი და უხეში შეცდომა“, რაც არ უნდა ხდებოდეს.

მიუხედავად ამისა, კობიაშვილი ფედერაციაში ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობაა.

„აბსოლუტურად ცუდი ფაქტია, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ეს, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტი და ყურადღება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ერთიანობით მოვედით ამ თამაშამდე. ეს დავიმსახურეთ ერთად — გუნდის თითოეულმა წევრმა, ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ, გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა“, — განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, ისევე როგორც თითოეული ფეხბურთელის, დიდი დანაკლისია.

„გასაგებია და კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის ადამიანური შეცდომა, არანაირი ახსნა არ აქვს და არც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. დღეს ვიფიქროთ მომავალ თამაშზე“, — თქვა მან.

ლევან კობიაშვილს სოციალურ ქსელებში აქტიურად ახსენებენ მისსავე პოსტს, 2015 წელს გამოქვეყნებულს, სადაც მსგავს სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაციის უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობდა და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდა.

კობიაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ის განცხადება ზოგად პრობლემას ეხებოდა და არა — კონკრეტულ შემთხვევას.

„ჩემი ის მესიჯი და ის განცხადება, რაც 2015 წელს იყო და მანამდე პერიოდშიც (და დღესაც იმ პოზიციაზე ვარ), იყო ზოგადი ხედვა და იმ პრობლემაზე საუბარი, რაც უშუალოდ ფეხბურთის მიმართულებით ხდებოდა. განსხვავება ძალიან დიდია. რადიკალურად განსხვავდება ის პერიოდი დღევანდელი პერიოდისგან. მაშინ იყო ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემაზე ვსაუბრობდი იმ ჩემს მესიჯში და არა ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ან შეცდომაზე. გასაგებია, რომ არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ეძებენ. იმ დროს იყო პრობლემები , რომლებზეც ვსაუბრობდი. ყველას ვურჩევ გადახედოს, სად ვიყავით მაშინ და სად ვართ დღეს“, — განაცხადა კობიაშვილმა.

19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტით გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ აღნიშნული წესზე არ იყვნენ ინფორმირებულები, შესაბამისად, კვარაცხელია ესპანეთთან მატჩში დისკვალიფიკაციის საფრთხის გაუთვითცნობიერებლად ათამაშეს.

„იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე“, — თქვა გიორგი კაციტაძემ.

კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით საქართველოსთვის არაფერს წყვეტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი