ახალი ამბები

მთავრობის რეგულაციის დარღვევისთვის რუსუდან გოცირიძე და გოგი ხოჭოლავა დააჯარიმეს

10 ნოემბერი, 2020 • 1501
მთავრობის რეგულაციის დარღვევისთვის რუსუდან გოცირიძე და გოგი ხოჭოლავა დააჯარიმეს

რუსთაველის გამზირზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სამოქალაქო აქტივისტი გოგი ხოჭოლავა 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს. მათ 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაციის დარღვევას ედავებიან.

როგორც გოცირიძე და ხოჭოლავა ყვებიან, ისინი “ტვ პირველის” ერთ-ერთ გადაცემაში იყვნენ სტუმრად და ამავე ტელეკომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი საშვიც ჰქონდათ. აღნიშნული გადაცემა, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო, ტელეარხის ოფისის ნაცვლად, რუსთაველის გამზირიდან გადის ეთერში.

სწორედ ამიტომ, როგორც რუსუდან გოცირიძე ამბობს, პოლიციამ არ მიიღო საშვი და დაჯარიმებულებს უთხრა, რომ დოკუმენტის თანახმად, ისინი გადაცემის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ “ტვ პირველის” ოფისში.

“[გვითხრეს], არ არის მითითებული თქვენი გადაადგილების გზაო. თქვენ უნდა ყოფილიყავით ოფისში, რაკი ოფისამდეა გამოწერილი საშვიო”, – აცხადებს ის.

მანამდე, თბილისის ცენტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე დააჯარიმეს. მასაც კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევას ედავებიან. როგორც დეკანოიძე ამბობს, მთავრობის ეს რეგულაცია არაკონსტიტუციურია და გადაადგილებას მას ვერავინ შეუზღუდავს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში- 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის წინ ღამის გათენებას აპირებენ, პროტესტის ნიშნად.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, GDI, ISFED და HRC ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

თავად მთავრობა რეგულაციას გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის და ამბობს, რომ შეზღუდვის მოხსნა ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.

რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი