ახალი ამბები

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

7 ნოემბერი, 2020 • 1643
“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

“კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობას ნიშნავს. საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში კი სახელმწიფო არჩევნების მეორე ტურს ვერ ჩაატარებს”, – ასე ხსნის “ღია საზოგადოება – საქართველოს” იურისტი გიორგი ჩიტიძე მთავრობის მიერ ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვის “შეზღუდვად” ფორმულირებას. მთავრობა ხსენებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვით ხსნის, თუმცა იურისტი აღნიშნულს არ ეთანხმება და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას “შინაარსობრივად არაკონსტიტუციურად” მიიჩნევს.

რას ამბობს სახელმწიფო

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა.

შეზღუდვა ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის. ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია “არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”.

ცქიტიშვილის თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს. მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეძლებენ მოქალაქეები ღამის საათებში თავისუფლად გადაადგილებას. მისი თქმით, ეს შემდგომ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, ცქიტიშვილმა თქვა, რომ “ნებისმიერი თავყრილობა არის დამატებითი დადებითი მხარე ვირუსისთვის”. მისი თქმით, სახელმწიფო არავის უშლის  გამოხატოს თავისი პოლიტიკური განწყობები, თუმცა ყველაფერი წესის დაცვით უნდა გაკეთდეს.

“როცა ვსაუბრობთ ამ ტიპის აქციებზე, სადაც დამატებითი ემოციები ჭარბობს, სადაც არ არის დაცული პირბადე, სადაც უკლებლივ ყველა ადამიანს არ აქვს პირბადე და ის სწორად არ არის გამოყენებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე”, – თქვა მან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დაამატა, რომ ეპიდვითარების შესაბამისად, “წერტილოვანი შეზღუდვები”, შესაძლოა, გაფართოვდეს, ვინაიდან, სხვაგვარად ვირუსის შეკავება ვერ ხერხდება.

დემონსტრაციებზე საუბრისას, გამყრელიძემ თქვა, რომ მისთვის ამოსავალი არის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა “ამაზე მაღალი უფლებაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება:

“ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ მიტინგი თუ სხვა ტიპის შეკრება არ იქცეს დამატებით წყაროს ინფექციის გავრცელებისა”.

პრობლემაა კანონი, რომელიც მთავრობას ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს: იურისტის მოსაზრება

საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დაუჭირა მხარი ცვლილებას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

“ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები”, – ვკითხულობთ ცვლილების ტექსტში.

მისი ძალით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას მთავრობას პარლამენტის თანხმობა აღარ სჭირდება. გიორგი ჩიტიძის თქმით, მთავრობის მიერ 7 ნოემბერს გამოცხადებული შეზღუდვის დაწესების საშუალებას ეს კანონი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იძლევა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები რეგულაციის დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხსაც აწესრიგებს. .

თუმცა, იურისტის განცხადებით, პრობლემაა არა წინააღმდეგობა კანონმდებლობასთან, არამედ თავად კანონმდებლობის შინაარსი.

“საგანგებო მდგომარეობა რა არის? როცა ინსტიტუტები ჯეროვნად ვერ ახორციელებენ უფლებამოსილებას მთელ ქვეყანაში ან რაღაც ტერიტორიულ ერთეულზე. ახლა  7 ქალაქზეა საუბარი. ანუ, საგანგებოს პირველი კრიტერიუმი უკვე სახეზეა.

ასევე, იზღუდება გადაადგილების  თავისუფლება, როგორც [საგანგებო მდგომარეობისა] და კომენდანტის საათისას. და რეალურად მივიღეთ სიტუაცია, რომ პარლამენტმა კანონმდებლობით მთავრობას მისცა შესაძლებლობა, როცა მას უნდა და როცა იგი ჩათვლის საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის, საპარლამენტო კონტროლისა და ყველაფრის გარეშე, შინაარსობრივად იგივე გამოაცხადოს.

ეს არის შემთხვევა, როცა კანონს იღებ სხვა მიზნით და ფორმალურად აფორმებ სხვა მიზნით, რაც ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – ეუბნება იურისტი “ნეტგაზეთს”.

იურისტის თქმით, ამ მოცემულობით, სასამართლოში დავას აზრი არ აქვს, ვინაიდან მთავრობის გადაწყვეტილებისთვის საკანონმდებლო საფუძველი უკვე არსებობს. გიორგი ჩიტიძემ იურისტ ედუარდ მარიკაშვილთან ერთად ხსენებული ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ 5 თვის წინ მიმართა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არაკონსტიტუციურია, ერთი მხრივ, ამ მოცულობის უფლებამოსილების მინიჭება მთავრობისათვის, მეორე მხრივ კი დღევანდელის მსგავსი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლობის პირობებში.

“მეხუთე თვეა, ეს სარჩელები დევს სასამართლოში და მოვედით აქამდე, როცა მთავრობამ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ისარგებლა და დააწესა ეს რეჟიმი. ფორმალურად, დავას აზრი არ აქვს, რადგან ფორმალურად ეს კანონიერია, მაგრამ შინაარსობრივად, მინიმუმ ჩვენი აზრით, არაკონსტიტუციურია”, – ამბობს ის.

გიორგი ჩიტიძე მიიჩნევს, რომ დღეს გამოცხადებული რეგულაცია შინაარსობრივად არაფრით განსხვავდება კომენდანტის საათისგან. თუმცა, თუ მთავრობა კომენდანტის საათს დააწესებს, მაშინ მან საგანგებო მდგომარეობაც უნდა გამოაცხადოს, რასაც პრეზიდენტის დეკრეტი და პარლამენტის თანხმობა სჭირდება. იურისტის თქმით, მმართველ გუნდს დღეს ამის პრობლემა არ აქვს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში,  დაბრკოლება მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით შეიქმნება.

“[განსხვავება ის არის, რომ] საგანგებო მდგომარეობა რაღაც განსაზღვრული ვადით უნდა მოქმედებდეს. ამათ[მთავრობას] კი ახლა აქვთ თავისუფალი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც, რამდენ ხანსაც უნდათ, იმდენი ხნით დაამტკიცებენ [შეზღუდვებს]. საგანგებო ასე არ მუშაობს. თანაც, საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნებს ვერ ჩაატარებენ. ამაშია ახლა საქმე. ანუ საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდეს, მეორე ტური ვერ ჩატარდება”, – აცხადებს გიორგი ჩიტიძე.

იურისტი ასევე ფიქრობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების ფონზე.

დიდ ქალაქებში ღამით გადაადგილება შეიზღუდება – ცქიტიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი