ახალი ამბები

პარაკლისი შიდსით დაღუპულთა მოსაგონებლად და 17 მაისის აღსანიშნად ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

17 მაისი, 2020 • 3660
პარაკლისი შიდსით დაღუპულთა მოსაგონებლად და 17 მაისის აღსანიშნად ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ დღეს, 17 მაისს, აივ/შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან და ასევე, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი გადაიხადა. ეკლესიის საკურთხეველზე გადაფარებული იყო ლგბტ მოძრაობის სიმბოლო – ცისარტყელის ფერებიანიანი დროშა.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს მშვიდობის კათედრალი, თუ ამ ტაძარში, თუ ამ ტაძრის მიღმა, აღვნიშნავთ ორ მნიშვნელოვან დღესასწაულს – ერთი არის აივ/შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე და მეორე არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 1990 წლიდან. ხოლო ჩვენთვის 17 მაისს საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რადგან 2013 წელს ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ მოწმენი გავხდით გაუმართლებელი რელიგიური შუღლისა და სიძულვილისა, რომელიც გამომჟღვანებული იქნა განსხვავებული ადამიანების, უმცირესობების მიმართ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ღვთისმსახურება ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე თვეა, ამ ეკლესიაში ღვთისმსახურება გადაიცემა ონლაინ რეჟიმში. ასე იყო დღესაც.

მრევლს მიმართა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ საუბრობენ ეკლესიის ტრიბუნიდან აივ/შიდსით გარდაცვლილებზე და რატომ უცხადებენ მხარდაჭერას სექსუალურ უმცირესობებს.

“17 მაისი რა დღესასწაულადაც არ უნდა გადავაკეთოთ, ჩვენს გონებაში, ჩვენს ყურებში ჟღერს დღედ, როდესაც ადამიანები, რომლებიც, წესით, უნდა ებრძოდნენ სიძულვილს, ამ დღეს ყველაზე მეტად ავლენენ სიძულვილს. მეორე თარიღი, რომელიც მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს აღინიშნება და წელს დაემთხვა 17 მაისს, არის აივ/შიდსით გარდაცვლილთა დღე. ეს არის საკითხები, რომელზეც, როოგრც წესი, ადამიანი ამბობს: რა უნდა ამაზე ლაპარაკს ამაზე ტაძარში, რატომ უნდა იყოს საკურთხეველზე გადაფარებული ცისარტყელის ფერებიანი დროშა, რატომ უნდა ეხვიოს ღვთისმსახურს აი ამ ფერებიანი სტოლა, რა კავშირი აქვს ქრისტიანობას, ღვთისმსახურებას, ტაძარს ისეთ თემებთან, როგორიც არის სექსუალური უმცირესობები, ისეთ დაავადებებთნა, რომელიც ასოცირდება სექსუალურ უმცირესობებთან.

ამიტომ, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ეს საკითხავი შევარჩიე, რადგან აქ ძალიან კარგად ჩანს, რა მისიით მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე. ის ამბობს: უფალმა მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად. ეს ფრაზა ყველა ქრისტიანმა, ყველა ღვთისმსახურმა ზეპირად უნდა ვიცოდეთ”, – აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ. მან დასძინა, რომ თითოეული ქრისტიანი ღვთისმსახურის მოქმედების მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეს და არა ადამიანების დაყოფა ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი