ახალი ამბები

კორონავირუსის ფონზე ზიარების წესი შეცვალეთ – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

4 მარტი, 2020 • 2840
კორონავირუსის ფონზე ზიარების წესი შეცვალეთ – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასარიდებლად ეკლესიაში ზიარების წესი შეცვალეს.

„ჩვენი ზიარების წესი იყო საერთო თასის ჩამოტარება… ყველა სვამდა ერთი და იმავე თასიდან, რაც არსებულ მდგომარეობაში, ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო, სრულიად მიუღებელი იყო“, გვითხრა მან.

სწორედ ამ მიზეზით, ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა და ამჯერად „მხოლოდ ღვთისმსახურს შეიძლია აიღოს პური, ჩააწოს ღვინოში და მიაწოდოს მრევლს, რაც ამცირებს შეხების რაოდენობას პურთან და ღვინოსთან“.

ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას ყოველ ღვთისმსახურებაზე აქვს ზიარება და, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ეკლესიაში განიხილეს ზიარებების რაოდენობის შემცირება: „იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ზიარების რაოდენობა შევამციროთ, ვიდრე საფრთხე არსებობს, ან თუ [საჭირო იქნება] მსახურების შეჩერებაზეც ვფიქრობთ“.


ამასთან, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მათ გაითვალისწინეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მეჩეთში მომსვლელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ჩახუტებისგან და ხელის ჩამორთმევისგან.

[მუსლიმები, ქრისტიანებისგან გასხვავებით, არ ეზიარებიან და მათს კონფესიაში ეს ან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს].


რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას: ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს, დროებით მაინც შეცვალოს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა.

ამ თემაზე ვრცლად გირჩევთ:

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

გარეკანის ფოტო: „ქალები საქართველოდან“

მასალების გადაბეჭდვის წესი