ახალი ამბები

ხატია დეკანოიძე მთავრობის რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმეს

10 ნოემბერი, 2020 • 922
ხატია დეკანოიძე მთავრობის რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიციამ დააჯარიმა რეგულაციის დარღვევისთვის, რომელიც 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. შემთხვევა თბილისის ცენტრში მოხდა, როცა, დეკანოიძის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბრუნდებოდა. ის არაკონსტიტუციურს უწოდებს პოლიციის ქმედებას და ამბობს, რომ არ აპირებს, აღნიშნულ წესებს დაემორჩილოს.

როგორც სამართალდამცავმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს უთხრა, ხატია დეკანოიძე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰-ე მუხლის შესაბამისად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს. ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარია.

“თურმე, საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა ყოფილა მთავრობის აბსურდული დადგენილება… თურმე, დავარღვიე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესი. არავითარი თვითიზოლაციისა და კოვიდის წესი არ დამირღვევია. წავედი, ჩავიცვი თბილად და მოვდივარ უკან[აქციაზე].

ეს არის აბსურდი და მე არ ვაპირებ, ამათ წესებს დავემორჩილო. მე თვითიზოლაცია და კარანტინი არ დამირღვევია. მე ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას”, – თქვა მან.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში- 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის წინ ღამის გათენებას აპირებენ, პროტესტის ნიშნად.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, GDI, ISFED და HRC ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

თავად მთავრობა რეგულაციას გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის და ამბობს, რომ შეზღუდვის მოხსნა ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.

NGO-ები: მთავრობის დადგენილებით “კომენდანტის საათის” შემოღება არაკონსტიტუციურია

მასალების გადაბეჭდვის წესი