ახალი ამბები

პროტესტის გამოხატვის შემდეგ საშვები ბაპტისტური ეკლესიისთვისაც დაუშვეს

18 აპრილი, 2020 • 1873
პროტესტის გამოხატვის შემდეგ საშვები ბაპტისტური ეკლესიისთვისაც დაუშვეს

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირეძემ ფეისბუკის საშუალებით საპროტესტო განცხადება გაავრცელა, ხელისუფლებამ ავტომობილით გადაადგილებისთვის საჭირო სპეციალური საშვი ამ ეკლესიის წარმომადგენლებზეც გასცა.

საქართველოში 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩატვლით ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა მცირე გამონაკლისით. თავდაპირველად, გამონაკლისი არ ეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს და სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი საეკლესიო მსახურების წარმართვაზე. აღნიშნულის უფლება არ ჰქონდა სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს, რასაც ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის პროტესტი მოჰყვა. მან ხელისუფლება დისკრიმინაციულ, შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა. როგორც ის ამბობდა, ინფორმაციის მიღებას ცდილობდა სპეციალური სამთავრობო ცხელი ხაზიდან, მაგრამ უშედეგოდ.

რუსუდან გოცირიძემ 18 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მისი პროტესტი შედეგიანი გამოდგა.

“გუშინდელი ჩემი აღშფოთებული ვიდეოს, დასინული მესიჯის, უპასუხო ზარებისა და მეილების შედეგი წარმატებული აღმოჩნდა.

სამართლიანობა მოითხოვს, რომ დავძინო ის ამბავი, რომ საგანგებო მდგომარეობის შტაბიდან ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი დამიკავშირდა, რომელმაც წვრილად ამიხსნა გადაადგილების საშვის პირობები და განაცხადის გაკეთების გზები. გავუგზავნე ღვთისმსახურთა სია და მონაცემები და ექვსი საათის შემდეგ იგივე თავაზიანი ახალგაზრდა დამიკავშირდა და დამიდასტურა ღვთისმსახურთა საშვებზე დადებითი პასუხი. აღდგომის დღესასწაული გვიახლოვდება და კარანტინის დრო კიდევ უფრო მეტად.

ჩემო ძვირფასებო, დარჩით სახლში და ოჯახთან ერთად იზეიმეთ აღდგომის დღესასწაული”, – წერს გოცირიძე პირად ფეისბუკ გვერდზე.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია უკვე რამდენიმე კვირაა, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს, მათი რიტუალები კი ინტერნეტით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. როგორც ეკლესია აცხადებს, აღნიშნული ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გადაწყვიტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი