ახალი ამბები

გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

10 ნოემბერი, 2020 • 1251
გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

რუსთაველზე მიმდინარე აქცისას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ გიორგი მჟავანაძეს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უკვე სწავლობს. როგორც ადვოკატი წერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

“რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს ჩაიდინა”,-წერს ედუარდ მარიკაშვილი Facebook-ზე.

როგორც მარიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული და მათი პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს. კითხვაზე, რატომ არ გაათავისუფლა შსს-მ ხელწერილის საფუძველზე დაკავებულები, მარიკაშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა პოლიციას არ სურდა ამ ადამიანების აქციაზე დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 4 ადამიანი დააკავა.

განახლება:

პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი