ახალი ამბები

8 ნოემბრის აქციზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

9 ნოემბერი, 2020 • 1495
8 ნოემბრის აქციზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

თბილისში 8 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სულ მცირე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კლინიკებში გადაყვანილია 10 ადამიანი, აქედან 7 ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო 3 „კავკასიის მედიცინის ცენტრში“.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

„დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება კლინიკებს, ღუდუღაურის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი მარინა გელანტია ამბობს, რომ სასწრაფოს მიერ შეყვანილი შვიდივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„4 მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის 2-ს დასჭირდა თხემის არეში მცირე ზომის ჭრილობის გაკერვა, ერთი მათგანი იყო პოლიციელი, ხოლო მეორე – აქციის მონაწილე“, – ამბობს მარინა გელანტია.

თვითდინებით შემოსულ პაციენტებზე საუბრობენ „ნიუ ჰოსპიტალში“. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ორ პაციენტს შორის, რომელიც თვითდინებით მივიდა, ერთს კოჭ-წვივის არეში მსუბუქი დაზიანება აქვს, მეორეს კი დაზიანებული აქვს თვალ-ბუდე.

„ნიუ ჰოსპიტალში“ გადაყვანილ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ზაზა გუგავაა, რომლის მეუღლეც ამბობს, რომ მას წყლის ჭავლი სახეში მოხვდა.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი