ახალი ამბებიკომენტარი

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

8 ნოემბერი, 2020 • 1853
უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

უფლებადამცვეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების გაუფრთხილებლად გამოყენების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ახალგაზრდა იურისტთა აოსციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენა. იურისტი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმართ არც დაბალი და არც მაღალი ინტენსივობის ძალის გამოყენების უფლება მით უმეტეს გაფრთხილების გარეშე, არავის აქვს:

“აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. წყლის ჭავლი გაუშვეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ეს არის ფაქტი. თან ეს გააკეთეს გაფრთხილების გარეშე. მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმართ არც დაბალი არც მაღალი ინტენსივობის ძალის გამოყენების უფლება არავის არა აქვს, მით უმეტეს გაფრთხილების გარეშე” – ამბობს გოცირიძე.

სპეციალური საშუალებების გამოყენებას გაფრთხილების გარეშე არალეგიტიმურად მიიჩნევს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესები აქვს და რაც ახლა ცესკოსთან ხდება მისი შეფასებით ძალის გადამეტება და დანაშაულია:

“წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან! ეს არის უკვე ძალის გადამეტება. არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე კი აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას აქციის მონაწილეების წინაარმდეგ ძალის გამოყენება:

“ამ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ სრული პასუხისმგებლობა აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე მათ ეკისრებათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და შესაძლებლობა მისცენ მათ მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პროტესტი” – აცხადებს ელენე ნიჟარაძე.

“ადამიანის უფლებებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი თამთა მიქელაძე კი აცხადებს, რომ დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია სულს ღაფავს

“ქართული ოცნების ლეგიტიმაცია რომ სულ ღაფავს ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ. პოლიტიკური, მორალური, სოციალური, ინტელექტუალური რესურსების და ნდობის სრული კრახი. ამ სიტუაციაში ძალის გამოყენებაზე წასვლა და სპეცრაზმით თამაში და სრულიად კომიკურ და ამაზრზენ ფიგურად ქცეული ირაკლი კობახიძის ცინიზმი, მას დაუჯდება ძალიან ძვირი.

ის გადაიმტერებს ხალხის იმ ნაწილსაც, ვინც ორივე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ უნდობლობის პირობებში სტაბილურობის სასარგებლო პოზიციებს იკავებდა. გონს მოეგეთ!!! გამოიყენონ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოლაპარაკებების რესურსი და ნუ გადაგვაყოლეს თავის ამბიციებს და უმეცრებას!” – ამბობს თამთა მიქელაძე.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კი ამბობს, რომ ცესკოსთან განვითარებული მოვლენები ხალსახად არის ადამიანის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევა და სახელმწიფოს მხირდან გატარებული ღონისძიებები უკანონოა:

“ის რაც ვიხილეთ, ცალსახად არის ადამიანის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევა. ცალსახად უკანონოა სახელმწიფოს მხრიდან აქციის პრევენციული დაშლა ან/და გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამორალურობაზე, ცინიზმსა და პოლიტიკურ უმწიფობაზე აღარაფერს ვამბობ” – აცხადებს მშვენიერაზე.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი