ახალი ამბები

“წყლის ძლიერი ჭავლი მოხვდა” – ცესკოთან მოქალაქეს თვალი დაუზიანდა

9 ნოემბერი, 2020 • 1306
“წყლის ძლიერი ჭავლი მოხვდა” – ცესკოთან მოქალაქეს თვალი დაუზიანდა

ცესკოსთან მოქალაქე ზაზა გუგავას თვალის არეში დაზიანება მიაყენეს.

როგორც მისი მეუღლე, ინგა გუგავა ნეტგაზეთთან ამბობს, ზაზა გუგავამ, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია, დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც შსს-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

„მე და ზაზა ორივე ვიყავით აქციაზე, დაახლოებით, 250 ადამიანი ვიდექით იქ. უცბად, გამოჩნდა დიდი რაოდენობით სპეცრაზმი, შემოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა. არანაირი გაფრთხილება რომ არ ყოფილა ისე, დაიწყო წყლის ჭავლის მანქანამ ჩვენ მიმართულებით სროლა – წყლის გამოშვება.

ზაზას მიმართულებით ძლიერი ჭავლი წამოვიდა. ის ჩემ წინ იდგა, მე კი ზურგით ვიდექი. მას წყლის ჭავლი პირდაპირ თვალში მოხვდა. [დარტყმის სიძლიერემ] ჰაერში ააგდო და პირდაპირ მიწაზე სახით დაეცა. მიიღო თვალის დაზიანება,“ – იხსენებს ნეტგაზეთთან ინგა გუგავა.

ის ყვება, რომ მათთან ადამიანები მოცვივდნენ და დაშავებული ააყენეს – „მთელი სახე სისხლში ჰქონდა“.

„ვიკეთებთ გამოკვლევებს, ამ ეტაპზე ოფთალმოლოგმა რაც გვითხრა, არის ის, რომ საბედნიეროდ, გადარჩენილები ვართ და თვალის მხედველობა არ დაკარგავს, თუმცა, აქვს სერიოზული ჩაქცევები და დაზიანებები, ასევე უკეთდება ე.წ. კატე და გულმკერდის გამოკვლევა“ – განმარტავს ინგა გუგავა. და ამატებს, რომ წყლის ჭავლი მასაც მოხვდა, თუმცა, მას სერიოზული დაზიანებები არ აქვს.


დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტების მცირე ნაწილი იყო  ცესკოს შენობასთან მისული, როდესაც პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა.  ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი