ახალი ამბები

საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

7 ნოემბერი, 2020 • 1774
საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ორი პირი – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა. ორივე მათგანი წარსულში ცესკოში საქმიანობდა და როგორც ერთ-ერთი მათგანის ადვოკატი “ნეტგაზეთს” ეუბნება, ორივეს მეგობრული კავშირი ჰქონდა გარდაცვლილ თედო გობეჯიშვილთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებასა და იძულებას ედავება გარდაცვლილი გობეჯიშვილის მიმართ. აკაკი კობალაძის ადვოკატის, დავით ჩომახიძის ცნობით, ორივე მათგანი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ – ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა”, – აღნიშნავს შსს.

ადვოკატი დავით ჩომახიძე აბსურდულს უწოდებს აღნიშნულ ბრალდებას და დასძენს, რომ სამივე კობალაძე, ხუსკივაძე და გობეჯიშვილი მეგობრები იყვნენ.

“სამივე მეგობრები იყვნენ, მთავარი რაც არის აქ. არცერთი არ იყო ისეთი, რომ ან მეორე შეეშინებინა, ან დამუქრებოდა. სხვათა შორის, პოლიციაშიც გაუკვირდათ, რომ გაიგეს, რომ მეგობრები იყვნენ”, – უთხრა ჩომახიძემ “ნეტგაზეთს”.

ჩომახიძისვე განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კობალაძემ გობეჯიშვილი ბოლოს გუშინ, 6 ნოემბერს ნახა. ადვოკატის ინფორმაციით, ისნის საოლქოს თავმჯდომარე კობალაძეს სახლში ესტუმრა.

“გუშინ კობალაძის სახლში მივიდა თედო, საღამოს. ისაუბრეს. მერე მოხდა ისე, რომ დაცილდნენ ერთმანეთს, თედო წავიდა თავის სახლში. დაურეკა კაკოს, სახლში ვარ უკვეო და ეს ჩანაწერიც არსებობს, რომ სახლიდან დაურეკა.

დანარჩენი, არაფერი მტკიცებულება იმისი, რომ ქრთამს სთავაზობდა, ან აშინებდა ან რამე, არ არის”, – აცხადებს ის.

მისივე ცნობით, ორივე ბრალდებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს აკაკი ხუსკივაძის მანქანაც, რომლითაც ის გამოკითხვაზე მივიდა.

ორივე დაკავებული სხვადასხვა წლებში “ცესკოში”, სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა, თუმცა 2020 წლის არჩევნებისათვის უწყებაში აღარცერთი მუშაობდა.

“ნეტგაზეთი” ისნის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ხუსკივაძე და კობალაძე არ ყოფილან პარტიის აქტივისტები. როგორ დეკანოიძე ამბობს, ისინი ენმ-ში წინასაარჩევნოდ მიიწვიეს “ტრენერებად”, რათა უბნებზე პარტიის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩაეტარებინათ.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბრის საღამოს, ხუსკივაძე და კობალაძე “მთავარი არხის” სტუმრები იყვნენ. გადაცემაში ორივე მათგანმა ისაუბრა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე.

რა მოხდა?

“ცესკოს” ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში “მოულოდნელად გარდაიცვალა”. საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.

დღის მეორე ნახევარში, “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობა” საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და ამავე კონტექსტში მოიხსენია თედო გობეჯიშვილიც. საპასუხო ბრიფინგზე, ენმ-ში “ოცნების” განცხადებებს “ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა” უწოდეს და აღნიშნეს, რომ პარტია თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს.

გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი