ახალი ამბები

“ვერც გამოვემშვიდობეთ” – კორონავირუსით ერთ ოჯახში 52 წლის ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

6 ნოემბერი, 2020 • 5022
“ვერც გამოვემშვიდობეთ” – კორონავირუსით ერთ ოჯახში 52 წლის ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

კორინავირუსს ერთი ოჯახის ორი წევრი – ცოლ-ქმარი, 52 წლის ირინა მიქაძე და ლევან კაკაურიძე — ემსხვერპლა. რეგულაციების გამო, მათ ისე დაკრძალავენ, რომ ოჯახს გამომშვიდობების საშუალება არ მიეცემა.

გარდაცვლილები ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათიდან იყვნენ. ირინა მიქაძე ამავე სოფლის სკოლის მასწავლებელი იყო.

ნეტგაზეთთან საუბარში ოჯახის ნათესავი ამბობს, რომ მიქაძე და კაკაურიძე ექიმების მხრიდან უყურადღებობასა და დაუდევრობას შეეწირნენ.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, თუმცა არც მას და არც კლინიკას, სადაც ცოლ-ქმარი რამდენიმე საათის შუალედით დაიღუპა, დეტალებზე საუბარი არ სურთ.

„ორივე ჯანმრთელი იყო“ — რას ჰყვება ოჯახი

თავდაპირველად, დედ-მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე დაწერა გარდაცვლილების შვილმა, მარი კაკაურიძემ. მან თქვა, რომ მისი მშობლები სახლში თავიანთი სახსრებით მკურნალობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„გახდნენ შეუძლოდ, მამას გაუკეთეს პისიარ ტესტი და დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“. 3 დღის შემდეგ მოვიდა ურაყოფითი პასუხი და გამოწერეს. სახლში, თბილისიდან ჩასულს, მამა დამხვდა ცუდად“, – დაწერა კაკაურიძემ.

ქალი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც 112-ში დარეკა და 2 საათი ელოდა, სასწრაფო მაინც არ ჩანდა, ამიტომ მამა „გორმედის“ კლინიკაში თავისით მიიყვანა – „გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ სასწრაფოს, მოდიან 30 წუთში, დაახლოებით“.

„მასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! „გორმედში“ მისულები, დაახლოებით, 1 საათი დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და მათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე“, – წერდა მარი კაკაურიძე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს. მისივე თქმით, მამამისის, ლევან კაკაურიძის დიაგნოზი კორონავირუსი და ინსულტი იყო.

რაც შეეხება დედას, ირინა მიქაძეს, მარი კაკაურიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად ის უკეთ იყო, თუმცა შემდგომ მდგომარეობა დამძიმდა. ის ამბობს, რომ ქალს „ბომონდში“ მხოლოდ ერთი გადასხმა გაუკეთეს და სახლში გამოუშვეს.

„გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს „უნიქალმედში“! იყო მიმღებში 2 დღე და არა –  პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა“, – წერს მარი კაკაურიძე.

ირინა მიქაძის საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა ძმისშვილმა, დალი მიქაძემ დაუდასტურა. ის ამბობს:

„მამიდაც დამძიმდა საბოლოოდ. იმავეს ვითხოვდით მამიდაზეც – რეანიმაციას, და გვითხრეს, რომ ყველაფერი უკეთდებოდა. თავიდანვე იყო კრიტიკული მდგომარეობა, თუმცა პაციენტი მხნედ იყო, ბოლო ორ დღეში კი დაუმძიმდათ“,- ამბობს ირინა მიქაძე. 


„დიახ, ჩვენ არ გვაქვს გამომშვიდობების უფლება, რადგან, როგორც ვიცით, არ შეიძლება“, – ამატებს ის. 

კლინიკებისა და ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კლინიკა „გორმედს“, „ბომონდსა“ და „უნიქალმედს“. სამივე კლინიკას ჩვენ მომხდარის შესახებ კითხვები დავუსვით. „გორმედის“ დირექტორმა ხათუნა შრუბიმ გვითხრა, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ისაუბრებდა, ზოგადი ინფორმაცია კლინიკაში მყოფი პაციენტების შესახებ კი ფეისბუკის გვერდზე ქვეყნდება.

კლინიკა „ბომონდში“ ადასტურებენ, რომ 30 ოქტომბერს ლევან კაკაურიძემ კლინიკის ცხელების ცენტრს მიმართა ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ პასუხს წერილობით მოგვცემდნენ. „ბომონდისგან“ მიღებულ კომენტარში კი ვკითხულობთ:

„ჩაუტარდა კოვიდდიაგნოსტიკა-გაუკეთდა პისიარ კვლევა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში, სადაც უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები.

რადგან პისიარ კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია, მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „უნიქალმედის“ დირექტორს, შოთა მარუაშვილს. მისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც სთხოვეს. ტიკარაძემ დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ და სხვა შემთხვევებს იცნობს. შემდეგ თქვა:

„აქ მნიშვნელოვანი არის დროულობა და ეფექტურობა.აქ მნიშვნელოვანია დროულობა და ეფექტურობა. ის, რომ არ დაუდასტურდა ვირუსი და შემდგომ, უკვე რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა,არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენენებისმიერ დღესა და წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შესაძლოა დავინფიცირდეთ. სწორედ ამიტომ არის მნიშცნელოვანი, რომ ჩვენ თავი დავიცვათ და დისტანციის არდაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სიტუაცია რთულდება ან გვიან ფიქსირდება – „ამ ყველაფერზე მხოლოდ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდებათ,“.

კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალებაზე საუბრისას, ტიკარაძემ დასძინა, რომ ფაქტების დეტალიზებას ყოველთვის ერიდება – „რადგან არ მინდა ბრალეულობა პაციენტზე გადავიდეს, მინდა ჯანდაცვის სექტორი იყოს პასუხისმგებელი ყველა ქმედებაზე და შედეგზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ჯანდაცვის სექტორია დამნაშავე”.

„გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებს ექიმი, აქედან გამომდინარე, ასეთი დეტალების განხილვა მინისტრის მხრიდან პაციენტისა და დაზარალებულების მიმართებაში არაკორექტულია. ეს დეტალები უფრო განსახილველია კლინიკურ ჯგუფთან“, – ამბობს მინისტრი და ამატებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური ჯგუფი – აუდიტორული პლატფორმა, რომელიც ყველა შემთხვევას სწავლობს. შესწავლის შემდეგ კი ინფომრაციას უწყებას აწვდიან, რის საფუძველზეც ხდება რეაგირება.

პლატფორმა აუდიტორი ყველა შემთხვევეაზე სწავლობს ამ ფაქტებს და შეჯერებულად გვაწვდიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაცდომა მოხდა და რეაგირება გვექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი