ახალი ამბები

ხალხის ფულია და დავაკვირდებით, რა იქნება საზოგადოების დაკვეთა — თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე

4 ნოემბერი, 2020 • 803
ხალხის ფულია და დავაკვირდებით, რა იქნება საზოგადოების დაკვეთა — თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარტიები ხალხის ფულით ფინანსდება და ამიტომ იმ პარტიების დაფინანსების საკითხზე, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, საზოგადოების დაკვეთის მიხედვით იმსჯელებენ.

ასე უპასუხა თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან თუ არა დაფინანსებაზე?

“პარტიების დაფინანსება — ეს არის ხალხის ფული და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა როგორც მმართველ გუნდს, ასევე, მთავრობას. შესაბამისად, ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით და შემდეგ ვიმსჯელებთ ამის შესახებ”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა,  პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ასევე, ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას. ამ მოთხოვნას უერთედებიან ის პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.

გუშინ, 3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი