Interviewsახალი ამბები

ხმების გადათვლის მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება – NGO-ები

5 ნოემბერი, 2020 • 2145
ხმების გადათვლის მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება – NGO-ები

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 1 693 განცხადება/საჩივარი. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი იყო 2 დღის ვადაში. საჩივრების განხილვისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებს ასევე 2-დღიანი ვადა აქვთ და ეს პროცესი გუშინ დაიწყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში  304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბნის მიმართ საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. წარდგენილი საჩივრებიდან საია 117 უბნის მიმართ ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. საია ამბობს, რომ გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან ოქმების გადასწორების ფაქტები.

საია-ს წარმომადგენელ ნონა ქურდოვანიძის თქმით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და ხმების გადათვლის მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არ კმაყოფილდება.

“ჩვენს შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჯერ არ დაუსრულებიათ საჩივრების ბოლომდე განხილვა. დღესაც არის რამდენიმე ოლქში სხდომა ჩანიშნული. გუშინდელ განხილვებს რაც შეეხება, უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნა ხმების გადათვლის შესახებ არ კმაყოფილდებოდა. შედარებით მაღალია დაკმაყოფილების მაჩვენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში, მაგრამ რაც არსებითად მნიშვნელოვანია — ხმების გადათვლა, შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა — როგორც წესი, მოთხოვნა არ  კმაყოფილდება. არის ერთეული შემთხვევები, სადაც მოხდა სხვადასხვა მონაცემების გადამოწმება და, მათ შორის, რამდენიმე უბანზე ბიულეტენების გადათვლა.

ჩვენი მოლოდინი და მოწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი იყო, რომ მათ ყველა საეჭვო შემთხვევა გადაეთვალათ საკუთარი ინიციატივით ან წარდგენილი საჩივრების საფუძველზე და მონაცემები შეესწორებინათ არა ზეპირი მითითებების საფუძველზე, შესწორების ოქმს რაც ახსნა-განმარტება ახლავს ხოლმე და  რაც არადამაჯერებელია, არამედ გადაემოწმებინათ და გადაეთვალათ მათ ხელთ არსებული მონაცემები. მაგალითად, ხელმოწერების რაოდენობის ხელახლა დათვლა, ბიულეტენების ხელახალი დათვლა, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა… უმრავლეს შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნონა ქურდოვანიძემ.

საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს.

საია აცხადებს, რომ დავებს სასამართლოშიც გააგრძელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა, 200-ზე მეტი საჩივარი აქვს დაწერილი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED). ორივე ორგანიზაცია ამბობს, რომ მათ მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.

“საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად  დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ჩაინიშნა და სხდომაზე დაიბარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ჩვენი დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე 4 ნოემბერს, 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა.

გარდა ამისა, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა. „სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში,  მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, სადაც  დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის”, – ნათქვამია ISFED-ისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდებენ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს “მრავალეროვანი საქართველო”. “მრავალეროვანი საქართველოს” საჩივრები მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნებზე საოლქო კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა — შენიშვნა მისცა მარნეულის #13.22.52 და გარდაბნის #13.21.22 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, თუმცა უარი თქვა ოთხი საარჩევნო უბნის სადავო შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლაზე. გასაჩივრებული უბნების შემაჯამებელ ოქმებში, “მრავალეროვანი საქართველოს” ცნობით, არ დგება ბალანსი და ფიქსირდება საარჩევნო ბიულეტენების მეტობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრების განხილვაზე უარის თქმის ძირითად მიზეზად არაუფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილ საჩივრებს ასახელებს.

“სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კომისიებს უწევდათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაეტოვებინათ ასეთი განცხადებები განუხილველად ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ განცხადება/საჩივრის წარმდგენი არ იყო იმ მოსარჩელე პირთა წრიდან, რომელიც განსაზღვრულია საარჩევნო კანონმდებლობით”, – აცადებს ცესკო.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხმების გადათვლასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი