ახალი ამბები

“ერთმა პირმა ხმა 10-ჯერ მისცა” – TI

1 ნოემბერი, 2020 • 1237
“ერთმა პირმა ხმა 10-ჯერ მისცა” – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი შეადგინეს.

დარღვევებს შორის გამოჩნდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების, სავარაუდო მოსყიდვის, ფიზიკური დაპირისპირებისა და სხვა ფაქტები. მათ შორის მარნეულის 65-ე უბნის ეპიზოდიც მოხვდა. ორგანიზაცია წერს:

„მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც, სულ მცირე, ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეოჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას,“.

მარნეულში, სხვადასხვა უბნებზე ერთი მოქალაქის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობაზე ნეტგაზეთთან საუბრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები.

მაგალითად, ლაშა ქველიძე ნეტგაზეთს უყვება, რომ მარნეულის მე-3 უბანზე მოქალაქემ სხვის გრაფაში მიზანმიმართულად მოაწერა ხელი, თუმცა მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა ეს დაინახეს და საჩივარი დაწერეს – მან ადგილიდან მიმალვა სცადა.

ამ დარღვევების გარდა, მარნეულში გუშინ, 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები სხვადასხვა პრობლემებსა და გადაცდომებზე საუბრობდნენ. მათ შორის, საია ამბობდა, რომ მათ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მოაყენეს. 

დაპირისპირება მხოდა ასევე ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე, საიდანაც საბოლოოდ 12 წარმომადგენელ/დამკვირვებლიდან 5 გააძევეს – 4 ოპოზციის, ხოლო 1 -„ქართული ოცნების“. მარნეულში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური რაზმის აღჭურვილობა.

გარდა ამისა, გუშინ, გვიან ღამით მარნეულში მე-18 უბნის შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ამ უბანზე ამომრჩეველთა ხმებს. ცესკოში ამბობენ, რომ მოიწვევენ სხდომას და უკვე შემდგომ იმსჯელებენ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი