ახალი ამბები

ჯერ უცნობია, რა ელის მარნეულის მე-18 უბნის შედეგებს – დაკარგულია შემაჯამებელი ოქმი

1 ნოემბერი, 2020 • 1295
ჯერ უცნობია, რა ელის მარნეულის მე-18 უბნის შედეგებს – დაკარგულია შემაჯამებელი ოქმი

მარნეულის საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ მე-18 უბანზე, საიდანაც შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა, სხდომა იმსჯელებს.

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ანა ილურიძე ამბობს, რომ უბნიდან შემაჯამებელი ოქმის გაქრობის საქმეზე სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. თავად უბნის თავმჯდომარე კი არ გამორიცხავს “მოპარვას”.

“კანონის შესაბამისად მოვიქცევით. მოიქცა თუ არა თავმდჯომარე უპასუხისმგებლოდ ან არაჯეროვნად, ამას დავადგენთ კომისია. ამის მიუხედავად, ის ადამიანები, ვინც მივიდნენ და დააფიქსირეს თავიანთი ხმა – ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულნი ვართ დავიცვათ მათი ხმები. შესაბამისად, მოვიწვევთ ოლქის სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ამბობს ანა ილურიძე.

კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა ამ უბნის ხმები, სხდომა ამაზე იმსჯელებს და მიიღებს კოლეგიალურ გადაწყვეტილებას. მისივე ინფორმაციით, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე დაუთვლელი უბანი. მათ შორის 1 მარნეულის მუნიციპალიტეტში ( მე-18 უბანი) და 8 – გარდაბანში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მე-18 უბანში დაიკარგა უბნის საარჩევნო კომისიის ჟურნალი, რომელშიც შემაჯამებელი ოქმი იდო. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მდივანმა, ელზა ლურსმანიშვილმა დაუდასტურა.

მარნეულის მე-18 უბნის საარჩევნო ბიულეტენების ტომარა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ინახება.
კომისიის წევრების განცხადებით, ისინი პოლიციის წარმომადგენლების მოსვლას ელოდებიან, რათა შედგეს საგამოძიებო ოქმი და დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
მათი თქმით, ამის შემდეგ საუბნო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრები გადაწყვეტენ ,გახსნან თუ არა ტომარა და თავიდან გადაითვალონ ხმები.
ნეტგაზეთს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა განუცხადეს, რომ პოლიციას 5 საათზე მეტია ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი