მარნეულის მუნიციპალიტეტში, მე-18 უბანში დაიკარგა უბნის საარჩევნო კომისიის ჟურნალი, რომელშიც შემაჯამებელი ოქმი იდო. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მდივანმა, ელზა ლურსმანიშვილმა დაუდასტურა.
მე-18 უბანი სოფელ დამია გეორარხში მდებარეობს.
“მე მდივანი ვარ, მოგეხსენებათ, და ჟურნალი რომ დავხურეთ, კენჭისყრის ჟურნალი ჩავდე კონვერტში და ის ჟურნალი, რომელიც არ ილუქება და რომელიც უნდა წაეღოთ, დავდე მაგიდაზე. მერე სად წავიდა, არ ვიცი. მე რახან თავმდჯომარეს ვუთხარი, ერთი ჟურნალი ისე უნდა წაეღოთ, აღარ მიმიქცევია ყურადღება. მახსოვს, რომ საარჩევნო კომისიაში წასაღები ოქმები ჩადო ამ ჟურნალში კომისიის თავმჯდომარემ, მათ შორის, ერთი შესწორების ოქმი. ამის შემდგომ აღარ მიმიქცევია ყურადღება”, – ამბობს ელზა ლურსმანიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
სულ მარნეულის საარჩევნო ოლქში 123 უბანია. მათი ნაწილი საოლქო კომისიაში უკვე მიიტანეს, დარჩენილია სულ რამდენიმე, მათ შორის, მე-18 უბნიდან.
საოლქო კომისიაში ჟურნალისტებს ამ საკითხზე კომენტარს დაჰპირდნენ.
