მარნეულის მესამე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ , უბანზე ელექტროენერგიის გაითიშვას მოჰყვა.
უბანზე მისულმა მარნეულის რაიონული პოლიციის უფროსმა რუსლან იოსელიანმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბანზე არ ჰქონია ადგილი დანაშაულს, ან საარჩევნო წესების დარღვევას.
“ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას. მოხდა მცირე შელაპარაკება კომისიის წევრებს შორის საარჩევნო თემატიკის შესახებ, თუმცა ამჯერად ინციდენტი ამოწურულია. ვტოვებთ საარჩევნო უბნის ტერიტორიას”, – განაცხადა იოსელიანმა.
ნაციონალური მოძრაობის მარნეულისა და გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, აზერ სულეიმანოვის განცხადებით, ინციდენტის დროს საარჩევნო ყუთში ჩაყარეს დამატებით ბიულეტენები.
საარჩევნო უბნის შესასვლელში დგას დაცვის პოლიცია.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, უბანზე ხმის დათვლის პროცესი განახლდა.