არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან სიებით მობილიზებული კოორდინატორები და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
NGO-ების განცხადებით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან, რამდენად იცავენ კოორდინატორები კანონით დადგენილ 25-მეტრიან დისტანციას საარჩევნო უბნიდან.
“კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს”, – აცხადებს ISFED.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზება დაფიქსირდა სიღნაღში, საჩხერესა და ზესტაფონში.
“მრავალეროვანმა საქართველომ” აღნიშნა, რომ დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25- მეტრიანი პერიმეტრის მოთხოვნას.